ჩამოსვლების მაჩვენებელი 1-20 მაისს 45.6%-ით არის გაზრდილი - TBC Capital

"ჩამოსვლების მაჩვენებელი 1-20 მაისს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45.6%-ით არის გაზრდილი" - ამის შესახებ ინფორმაციას TBC Capital ავრცელებს.

მათი თქმით, ტურისტებისა და მიგრანტების ხარჯები, წინა თვეებთან შედარებით, ჯერჯერობით რაიმე გამოკვეთილი შემცირების ტენდენციით არ ხასიათდებოდა. პირიქით, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვანი ზრდაც კი გვაქვს.

"თიბისის არხებით ტურისტებისა და მიგრანტების ხარჯები, მაისის ჩათვლით პერიოდში წინა თვეებთან შედარებით და სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერჯერობით, რაიმე გამოკვეთილი შემცირების ტენდენციით არ ხასიათდება. წლიურ ჭრილში კი კვლავ მნიშვნელოვან ზრდას აქვს ადგილი. დაახლოებით ანალოგიური ტენდენცია იკვეთება „ტავ ჯორჯიას“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპოტრებში მგზავრთნაკადის დინამიკაზე დაყრდნობით. კერძოდ, ჩამოსვლების მაჩვენებელი 1-20 მაისს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45.6%-ით არის გაზრდილი". - აცხადებს TBC Capital-ი.

"ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არის გარკვეული გზავნილები ჯავშნების გაუქმებასთან დაკავშირებით. თუმცა ფაქტია, რომ საბაზო მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, ისევე როგორც მთლიანობაში, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება. ამასთან, 20 მაისის მგდომარეობით, კვლავ იკვეთება ლართან მიმართებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა, რაც ლარის კურსზე ზემოქმედების კუთხით ტრადიციულად ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია" - ნათქვამია განცხადებაში.

თორნიკე მაისაშვილი