”მდინარე ვერეს ადიდების შედეგად შექმნილი კატასტროფა პროგნოზირებადი იყო”

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად შექმნილი კატასტროფა პროგნოზირებადი იყო.

როგორც ნინო ჩხობაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თავის დროზე ესტაკადის მშენებლობის დროს არ ყოფილა გარემოზე ზემოქმედების შეფასება და მშენებლობა დაიწყო მანამდე, ვიდრე შესწავლა დასრულდებოდა.

"თავის დროზე, როდესაც ესტაკადა შენდებოდა, ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ, რომ სწორად არ იყო გათვლილი ყველაფერი. ეს რისკი უნდა ყოფილიყო მოდელირებული, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. მაშინ ძალიან გვეჩქარებოდა მშენებლობა და საზოგადოებამაც ვერ შევძელით ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი სიტყვა", - აღნიშნა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, მდინარე ვერემ ზოოპარკის ტერიტორია 1961 წელსაც დატბორა. "დღეს რომ ასეთი სიტუაციაა შექმნილი, გმირთა მოედანი რომ დანგრეულია, ყველა ეს მონაცემი პროგნოზირებასთან მიმართებაში არსებობდა. ჩვენ ვამბობდით, რომ ხარჯი მდინარეზე არის მაღალი და ვერ გაატარებდა ეს მილები წყლის მოცულობას და ვერც გაატარა. მოხდა ამხელა ტრაგედია", - განაცხადა ნონო ჩხობაძემ.