პრეზიდენტი: ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია, გამოსავალი ჩვენს თვალწინ ჩანს - ევროპული გზის გადარჩენა ამის ქვაკუთხედია

„ევროპული კავშირი არის თავისუფლების სივრცე, სადაც არც ერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ქვეყნის გარეშე, ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ევროპულ კავშირში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური არჩევანია. პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც და თქვა, რომ გამოსავლის მოძებნა ქართველი ხალხის ხელშია და ამ გზის განუყოფელი ქვაკუთხედია საქართველოს ევროპული გზის გადარჩენა.

„გამარჯვებული და დაუმარცხებელია ერი, რომელიც ამდენი საუკუნის შემდეგ ამდენი ომისა და დაპყრობის მცდელობის შემდეგ დღეს დგას თავისუფალი, ამაყი და უდრეკი. ეს თქვენი დამსახურებაა და ჩვენი საერთო მონაპოვარია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვუღალატებთ იმ ადამიანებს, იმ გმირებსა და თუ იცნობ ჯარისკაცებს, ვინც თავის შესწირა სამშობლოსა და მის დამოუკიდებლობას. ჩვენი მუდმივი პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ მოპოვებულ და გადმოცემულ საგანძურს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს გავუფრთხილდეთ და არავის დავუთმოთ. მივმართავ, სრულიად საქართველოს, მოგმართავთ თქვენ და ვიცი რამდენად გტკიცათ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა.

ვიცი დღეს რა განცხადებითაც მისმენთ, მაშინ როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ გესახებათ, ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია. შენარჩუნებულია და დღეს ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. არ არის შემთხვევითი რომ საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს ქვეყნის პრეზიდენტი იმ ემიგრაციის შვილია, რომელიც იბრძოდა და ამზადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იმ დამოუკიდებლობას რომელიც გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს. შეიძლება ისიც არ იყოს შემთხვევითი რომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ის ადამიანია, რომელმაც მშვიდობიანად გაიყვანა შემოსული რუსის ჯარები. ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისთვის. საქართველოში ჩამოსვლამდე ეს პირობა მივეცი ჩემს თავს და ჩამოსვლის პირველივე დღიდან სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს. ე პირობა მოგეცით თქვენ როდესაც კონსტიტუციაზე დავდე ფიცი და მინდა იცოდეთ, რომ არც ჩემს თავს და ფიცს და არც ხალხს არ ვუღალატებ. თქვენი ხმა მესმის და ვიცი, თქვენი დღევანდელი განცდები და ემოციები.

ვიცი, რაღაც გაურკვევლობა, შიშიც კი და აუტანელი შემოპარული ფიქრი, რომ რისთვის აქამდე ყველა ერთად ვიბრძოდით, დღეს ხელიდან ვითომცდა გვეცლება, მაგრამ ისიც ვიცი რომ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. არ დავუშვებთ, ჩვენ აქ ვართ ადამიანები, ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებულები, ვისაც გვახსოვს საქართველო დამოუკიდებლობამდე და ვისაც სწამდა რომ დამოუკიდებლობის აღდგენის მიზანს მივაღწევდით. აქ ხართ ადამიანები, როგორებიც დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში დაიბადეთ და ვერც წარმოგიდგენიათ სხვანაირი საქართველო. ვერ წარმოგიდგენიათ იმიტომ, რომ ხართ თავისუფალნი, დამოუკიდებლები და ვერასდროს შეეგუებით მონობას. დღეს თქვენი და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო და წარმოიქმნება ახალი ენერგია. საქართველომ კიდევ ერთხელ ისევე როგორც მრავალჯერ საკუთარ ისტორიაში გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე, შიშის, შურისა და სიძულვილის გარეშე. ქვეყნის ახალი ენერგია მოდის, ახალი სიტყვით, ახალი აღქმით, გამბედაობით, სიყვარულით, ერთობით, ღირსებით და მას ვერაფერი გააჩერებს. დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით. სწორედ ამიტომ მტკიცედ მწამს, საქართველოს ვერავინ და ვერასდროს დააბრუნებს წარსულში. მჯერა და მინდა თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ, არც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და არც ნიჰილიზმს აქვს ადგილი ჩვენში.

ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ. მე როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და საგარეო კურსის გარანტი ვხედავ ჩემს პასუხისმგებლობას ამ გამოსავლის ნახვაში. გამოსავალი არსებობს და ჩვენს თვალწინ ჩანს. პირველ რიგში, ჩვენი ევროპული გზის გადარჩენა ამ გამოსავლის ქვაკუთხედია. დღეს როდესაც რუსეთის აჩრდილი თავს გვადგას ევროპასთან და ამერიკასთან პარტნიორობა ჩვენი დამოუკიდებლობის, მშვიდობის შენარჩუნების ჭეშმარიტი გზაა. ის ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და ფეხ ქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და უსაფრთხოების მომავალს, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილ წევრად ქცევის გზას. ევროპული კავშირი არის თავისუფლების სივრცე, სადაც არც ერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ქვეყნის გარეშე, ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების. ეს არის ადგილი, სადაც დაცულია თუნდაც ყველაზე პატარა ერი, მისი სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიცია. ეს არის კავშირი სადაც დაცულია ადამიანი, ოჯახი, მისი უსაფრთხოება, სოციალური მდგომარეობა, ღირსეული სიბერე და მისი პირადი ცხოვრება. ევროპული კავშირი თავის არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის, არც ერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არც ერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ მისი დაარსებიდან, სამაგიეროდ რეალური ომის პარტია ერთია და მხოლოდ ერთი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებში ვხედავთ, რუსული იმპერიალიზმი, ევროკავშირის გვევლინება როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვიტარება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მერი ტაბატაძე