პრეზიდენტი: ევროპული კანონმდებლობა იცავს ბიზნესს ჩარევისგან - არავინ დაგიბარებთ წილების დასათმობად ან ხარკის გადასახდელად

„ევროპული გზა ეკონომიკისა და ბიზნესის განთავისუფლებაზე გადის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქმნის სამართლებრივ სივრცეს, რაც ბიზნეს გარემოს სტაბილურობისა და გრძელვადიანი ინვესტიციების საყრდენია.

„ევროპული გზა ეკონომიკისა და ბიზნესის განთავისუფლებაზე გადის. ევროპული კანონმდებლობა და საქართველო ამ განთავისუფლების იარაღია. თუ არ არსებობს სამართლებრივი სივრცის ნდობა, მაშინ ვერც სტაბილურობა იქნება და ვერც გრძელვადიანი ინიციატივა თუ ინვესტიცია. სამაგიეროდ, ევროპული კანონმდებლობა იცავს ბიზნესს ყოველგვარი არაკანონიერი თუ პოლიტიკური ჩარევისგან, აჯანსაღებს მთლიანად ბიზნესგარემოს და იძლევა ახალი პოტენციალის გამოჩენისა და ზრდის შესაძლებლობას. მარტივად რომ ვთქვათ, არავინ დაგიბარებთ თქვენი წილების ვინმესთვის დასათმობად ან სხვა ხარკის გადასახდელად. გათავისუფლებულ ქართულ ბიზნესს რეალური პოტენციალი გააჩნია ევროპული ბაზრის ასათვისებლად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ისაუბრა იმ სფეროებზე, რომელთა განვითარებასაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი 33 წელზე მეტია მხარს უჭერენ.

„ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგენენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად. დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცები დავარწმუნო იმაში, თუ ვინაა მტერი და მეგობარი. ხომ ვიცით, ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვინ იცავს ჩვენს სუვერენიტეტსა და არაღიარების პოლიტიკას, ხომ ვიცით ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი. ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები, ხომ ვიცით ვინ გვიჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში. ხომ ვიცით ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა საქართველო ღვინის სამშობლოდ. ხომ ვიცით ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე სტანდარტების მქონე, ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა და კიდევ ვინ მოთვლის და რა დათვლის რა დაგვიშავა მტერმა და რა გვიკეთა მეგობარმა. ამიტომ არის რომ ჩვენს კონსტიტუციაში ასახული საგარეო კურსი ჩვენი მომავალია უალტერნატივო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მერი ტაბატაძე