საქართველოში ცოცხალი რქოსანი პირუტყვის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - სად ვყიდულობთ

2024 წლის იანვარ-აპრილში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. საქსტატზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული წელს იმპორტის რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა. მაგალითისთვის, გასული წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 2024 წლის იმავე პერიოდში ცოცხალი რქოსანი პირუტყვის იმპორტი 122%-ით არის გაზრდილი. გასული წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 2.797 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 6.219 მლნ აშშ დოლარის.

გასულ წელს საქართველოს 1 კგ ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი 4.6 დოლარი უჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წელს 2.3 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წელს 1 კგ-ის საიმპორტო ფასი 50%-ით გაიაფდა.

საქართველო ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვს ძირითადად რუსეთიდან ყიდულობს. კერძოდ, იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 4,059 მლნ აშშ დოლარის 2.321 ტონა (1კგ 1.75 დოლარი)
  • ლატვია - 982 ათასი დოლარის 181 ტონა (1კგ 4.9 დოლარი)
  • ესტონეთი - 445 ათასი დოლარის 108 ტონა (1კგ 4.1 დოლარი)
  • ჩეხეთი - 327 ათასი დოლარის 81 ტონა (1კ 4 დოლარი)
  • რუმინეთი - 170 ათასი დოლარის 28 ტონა (1კგ 6 დოლარი)

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი წარმოების ცოცხალი რქოსანი პირუტყვის ექსპორტი თითქმის 65%-ით შემცირდა. გასულ წელს თუ მისი ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 11.641 მლნ დოლარი შეადგინა, წელს 4.106 მლნ აშშ დოლარი იყო. ამასთანავე, 1კგ-ის საექსპორტო ფასი გასულ წელსაც და მიმდინარე წელსაც 2.88 დოლარი იყო.

2024 წლის იანვარ-აპრილში ცოცხალი რქოსანი პირუტყვი ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა:

  • ერაყში - 3,939 მლნ აშშ დოლარის 1.387 ტონა
  • აზერბაიჯანში - 167 ათასი დოლარის 36 ტონა

მერი ტაბატაძე