საქართველო ავტოექსპორტის ღირებულების ზრდით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა - ვინ მოხვდა Top-10-ში

მსოფლიო ბაზრებზე ავტომობილების, კერძოდ, მსუბუქი და სატვირთო მანქანების, ავტობუსების, ასევე, სპეციალური ტექნიკის მიწოდებით საქართველომ, ფულადი თვალსაზრისით, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა, რითაც ქვეყანა წამყვანი ქვეყნების 10-ეულს მოსდევს.

რეიტინგს „რია ნოვოსტი“ 2023 წლის ღია მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთლიანობაში, ქვეყნებმა, რომლებმაც 2023 წლის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვეს, 1,15 ტრლნ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილები, ავტობუსები, სატვირთო მანქანებისა და სპეციალური ტექნიკის ექსპორტი განახორციელეს, რაც, 2022 წელთან შედარებით, თითქმის, 23%-ით მეტია.

აქედან საქართველო მე-11 ადგილზეა, ექსპორტი ფულადი თვალსაზრისით 2-3 ჯერ გაიზარდა და 2,2 მლრდ დოლარს მიაღწია. შემოსავლების თვალსაზრისით ექსპორტის 74%-ით გაზრდით საქართველოს ნორვეგია მოსდევს, სადაც ექსპორტმა ჯამში 969 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ღირებულების ზრდით საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ექსპორტიორები, მათ შორის, ტოპ ათეულის წევრი ქვეყნები ჩამორჩება. კერძოდ, ესტონეთში ექსპორტის ღირებულება 53%-ით, 1,2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. მხოლოდ მესამედით გაზარდა მიწოდება პოლონეთმა (16,2 მლრდ დოლარი), კანადამ (46,3 მლრდ დოლარი) და სამხრეთ კორეამ (70,7 მლრდ დოლარი), ხოლო მეოთხედით გაიზარდა უნგრეთში (16 მლრდ დოლარი), იტალიასა (28,7 მლრდ დოლარი) და ესპანეთში (48,6 მლრდ დოლარი).

რაც შეეხება მსოფლიოს უმსხვილეს ავტოექსპორტიორებს, ლიდერი ქვეყნები გერმანია და იაპონიაა. გერმანიის ექსპორტი 172 მილიარდიდან 197 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა მისი წილი მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მეტად, 1,2%-ით, ანუ 17,1%-მდე შემცირდა. იაპონიამ 123 მლრდ დოლარის მიწოდებით მეორე ადგილი შეინარჩუნა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს მეოთხედით აღემატება. ამ დინამიკამ იაპონიას საშუალება მისცა, მსოფლიო ბაზრებზე თავისი წილი 10,5%-დან 10,6%-მდე გაეზარდა.

რაც შეეხება მესამე ქვეყანას, 2023 წელს მსოფლიო ბაზრებზე ავტომობილების მიწოდების ღირებულებით ჩინეთმა მექსიკასა და აშშ-ს გადაუსწრო, რის შედეგადაც მესამე ადგილი დაიკავა. ექსპორტი ორი-მესამედით, რეკორდულ 97 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ქვეყნის წილმა 8,4% შეადგინა. ამდენად, ჩინეთმა ავტომობილების გლობალურ ბაზარზე თავისი წილი ყველაზე შესამჩნევად, 2,1%-ით გაზარდა.

ავტომობილების ექსპორტის ღირებულების ზრდით მსოფლიო ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:

  • გერმანია - 197 მლრდ დოლარი
  • იაპონია - 123 მლრდ
  • ჩინეთი - 97 მლრდ
  • მექსიკა - 95 მლრდ
  • აშშ - 89 მლრდ
  • სამხრეთ კორეა - 71 მლრდ
  • ესპანეთი - 49 მლრდ
  • კანადა - 46 მლრდ
  • დიდი ბრიტანეთი - 41 მლრდ
  • საფრანგეთი - 37 მლრდ

აღსანიშნავია ისიც, რომ უმსხვილეს მომწოდებლებს შორის გაყიდვები შეამცირა მხოლოდ ფინეთმა 26%-ით, ანუ 2,5 მლრდ დოლარამდე და ბრაზილიამ 2%-ით, 6,9 მლრდ დოლარამდე.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ