შესაძლებელია თუ არა მოქალაქემ ძველი საცხოვრებელი შენობა ენერგოეფექტური გახადოს

რადიო პალიტრას გადაცემაში „თქვენი დრო“ „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი აბულაშვილმა განმარტა, რამდენად შესაძლებელია, რომ მოქალაქემ ძველი შენობების გარე და შიდა ფასადის ენერგოეფექტური მოწყობა უზრუნველყოს.

მისი თქმით, ძველი შენობების ფასადების ენერგოეფექტური მოწყობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ იგეგმება კაპიტალური რემონტი. თავის მხრივ, კანონის თანახმად, კაპიტალური რემონტი რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს.

„საინჟინრო თვალსაზრისით შესაძლებელია ძველი შენობების ენერგოეფექტური მოწყობა. იურიდიული თვალსაზრისით არსებული კანონმდებლობა არც დღეს და არც ის ეტაპები, რომლებიც ძალაში შედის, არ ავალდებულებს არავის, რომ გააენერგოეფექტუროს შენობა თუ ის კაპიტალური რემონტის ეტაპზე არაა. ასევე, კანონი განსაზღვრავს რა ითვლება კაპიტალურ რემონტად.

კაპიტალური რემონტი არის შემდეგი: თუ შენობის გარე კედლების ზედაპირის 25% ან მეტი რემონტს ექვემდებარება, ან შენობის სიანვესტიციო ღირებულების 25% ან მეტი ექვემდებარება რემონტს. მაგალითად, თი 10-სართულიან შენობაში მთელ მეათე სართულს შეაკეთებს მოქალაქე, ეს მხოლოდ 10% იქნება, თან ვსაუბრობთ გარე ფასადის გაუმჯობესებაზე. შიდა რემონტი არ იგულისხმება.

მესამე არის ადმინისტრაციული, ეს ეხება ძველი პერიოდის მრავალბინიან საცხოვრებლებს. ჩვენთან ვერ მოხერხდა ის, რომ სათანადო ინსტიტუციური ფორმა და სიძლიერე მიიღოს ბინათმფლობელთა ასოციაციებმა. თუ მთელი შენობა უნდა გავაენერგოეფექტუროთ, ყველამ ვინც ფლობს ბინასა თუ ოფისს, იმ წესებიც უნდა ვიმოქმედოთ, რაც არის კანონში და იქ არის ბევრი სირთულე“, - განაცხადა აბულაშვილმა.

რაც შეეხება შიდა ფასად, აბულაშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია მისი ენერგოეფექტური მოწყობა მაცხოვრებლების სურვილის მიხედვით, თუმცა მის მოპირკეთებაში პროფესიონალები უნდა იყვნენ ჩართული.

„გაქვთ იმის უფლება, რომ საკუთარი ბინა ენერგოეფექტურად მოაწყოთ, მაგრამ ამაში საჭიროა პროფესიონალების ჩართვა იმიტომ, რომ არის სენსიტიური თემა. როცა შიდა კედლების დათბუნება ხდება, იქ არის ნამის წერტილი, არასწორი თბოსაიზოლაციო მასალების ფენის შემთხვევაში ნამის წარმოქმნა შესაძლოა მოხდეს კედლისა და მასალის ისეთ სივრცეში, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს“, - აღნიშნავს აბულაშვილი.

შეგახსენებთ, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონებში ცვლილებები შედის. როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი აღნიშნავს, ცვლილებები ძირითადად ვადების დაკორექტირებას და რიგ ტექნიკურ მიმართულებებს ეხება.

ცვლილებები შეეხებათ შენობებისა და სამრეწველო ობიექტების მფლობელებს, საჯარო დაწესებულებებსა თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებებს და მათ, ვინც უნდა განახორციელონ ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება და ინსპექტირება.

იხილეთ ასევე: „შემოვა ახალი პროფესია“ - რომელ საწარმოებში განხორციელდება სავალდებულო ენერგოაუდიტი?

„შენობა გაძვირდება, მყიდველს კი მთლიანობაში ხარჯი შეუმცირდება“ - რა ვალდებულება უჩნდება მოსახლეობას

„ცოტა მეტი დაჯდება რემონტი“ - გაზრდის თუ არა შენობების ენერგოეფექტური მოწყობა საბიუჯეტო ხარჯებს

მერი ტაბატაძე