ვინ არიან ბერძენი მილიარდერები, რომლებიც რუსული ნავთობით მდიდრდებიან

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ტანკერების, ღირებულება მილიარდობით დოლარით გაიზარდა, რადგან ომმა გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე რყევები გამოიწვია და დაიწყო ბრძოლა დიდი ტანკერებისთვის, რომლებიც საჭიროა ნავთობის გადასატანად. შესაბამისად, გაიზარდა საზღვაო მაგნატების ქონებაც.

2022 წლის ივნისში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი თვის შემდეგ საბერძნეთის წამყვანი გემთმფლობელები ათენის სამხრეთით მდიდარ გარეუბანში, კურორტზე ვულიაგმენში შეიკრიბნენ და მათ სტრატეგიაზე ისაუბრეს.

„ეს არის ტრაგედია კაცობრიობისთვის, მაგრამ ამავე დროს ქმნის შესაძლებლობებს. წლის ბოლოსთვის ჩვენ ვიხილავთ კარგ ბაზრებს ყველა სეგმენტში. ოპტიმისტი ვარ, გემები გაცილებით მაღალ ფასებს გამოიმუშავებენ”, - განაცხადა მსოფლიოში ტანკერების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მფლობელმა, ჯორჯ პროკოპიუმ.

„ჩვენ უნდა შევძლოთ ამ შესაძლებლობებით სარგებლობა”, - დასძინა გადამზიდავი ფირმის Capital Maritime and Trading-ის მაგნატმა, ევანგელოს მარინაკისმა.

ეს პროგნოზი ახდა - პროკოპიუმ მილიარდერთა რიგებში ადგილი გაიმყარა, მათი გემების ღირებულება კი გაიზარდა.

VesselsValue-ის მიხედვით, პროკოპიუმ და მარინაკისმა, რომელთა ღირებულებაც 2,6 მილიარდი და 3,6 მილიარდი დოლარია, 2022 წლის შემდეგ შეუკვეთეს 123 ახალი ხომალდი, რომლის ღირებულება თითქმის 13 მილიარდი დოლარია. თავად პროკოპიუს ოთხი გადამზიდავი ფირმა ფლობს 173 ტანკერს.

Forbes-ის შეფასებით, ახლა საბერძნეთში გადაზიდვების სფეროში მოღვაწე სულ მცირე 12 მილიარდერია, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა.

შვიდი მათგანი Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის დებიუტანტია. მთლიანობაში მათი ქონება 32-მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 12%-ის ექვივალენტია.

VesselsValue-ის თანახმად, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის მარტამდე, მთლიანობაში, ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა შეუკვეთეს თითქმის 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი გემები და გაყიდეს დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების 68 ძველი გემი.

Forbes 12 ბერძენ მილიარდერთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სიაში 7 ახალი მილიარდერია, ერთი - ჯორჯ ეკონომოუ კი 16-წლიანი არყოფნის შემდეგ, მილიარდერთა კლუბს ისევ დაუბრუნდა. კერძოდ, რეიტინგში არიან:

  • მარია ანგელიკოუსისი (maria angelicoussis)- 6.4 მლრდ დოლარით;
  • გიორგი ეკონომოუ (george economou)- 4.8 მლრდ დოლარით;
  • ევანგელოს მარინაკისი და ოჯახი (evangelos marinakis)- 3,6 მლრდ დოლარი;
  • ვარდის ვარდინოიანისი და ოჯახი (vardis vardinoyannis)- 2.7 მლრდ დოლარი;
  • გიორგი პროკოპიუ და ოჯახი (george prokopiou)- 2.6 მლრდ დოლარი;
  • კონსტანტინოს მარტინოსი და ოჯახი (Constantinos Martinos & family)- 2.3 მლრდ დოლარი;
  • სპირო ლატსისი და ოჯახი (Spiro Latsis & family)- 2.1 მლრდ დოლარი;
  • მარიანა ლატსისი და ოჯახი (Marianna Latsis & family)- 1.8 მლრდ დოლარი;
  • ანდრეს მარტინოსი და ოჯახი (Andreas Martinos & family)- 1.8 მლრდ დოლარი;
  • ათანასიოს მარტინოსი და ოჯახი (Athanasios Martinos & family)- 1.5 მლრდ დოლარი;
  • დიამანტის დიამანტიდესი და ოჯახი (diamantis diamantidis)- 1.2 მლრდ დოლარი;
  • იოანის პაპალეკასი (Ioannis Papalekas)- 1.2 მლრდ დოლარი.

კიევის ეკონომიკის სკოლის KSE ინსტიტუტის ანალიზის მიხედვით, რომელიც ეფუძნება სასაქონლო დაზვერვის ფირმა Kpler-ის მონაცემებს, 2022 წლის აპრილიდან 2024 წლის თებერვლამდე, ბერძნულმა ფირმებმა რუსული ნავთობის მთელი ექსპორტის 28% გადაზიდეს.

წყარო: forbes.com

თეონა რამაზაშვილი