ევროკავშირში ყველა ახალ ავტომობილს „შავი ყუთი“ ექნება

ევროკავშირის ყველა ახალ მსუბუქ ავტომობილს, მსუბუქ სატვირთოსა და ფურგონს ამიერიდან „შავი ყუთები“ ექნებათ, რათა, ავარიის შემთხვევაში, სპეციალისტებმა მიზეზები ზუსტად დაადგინონ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

„შავი ყუთი“ შეინახავს ავარიის შესახებ ინფორმაციას, რომელიც შეჯახებამდე და შეჯახების შემდეგ მაშინვე ჩაიწერება. კერძოდ, „შავი ყუთი“ ავტომობილის სიჩქარის, ძრავის მუშაობის პარამეტრების, გაზის ან სამუხრუჭე სატერფულზე დაჭერის ძალის, საჭის მოხვევის კუთხის, უსაფრთხოების სისტემების აქტივობისა და აირბაგის ამოქმედების დროის შესახებ მონაცემებს დააგენერირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხმის ჩაწერა, როგორც ეს თვითმფრინავის „შავ ყუთში“ ხდება, გათვალისწინებული არ არის. მოწყობილობა, ასევე, არ იქნება დაკავშირებული არცერთ დისტანციურ სისტემასთან და მონაცემების წაკითხვა მხოლოდ მანქანიდან შავი ყუთის ამოღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვიs, ევროკავშირის ქვეყნებმა ახალი მიზანი დაისახეს, რომელიც 2050 წლისთვის ნულოვან ფატალურ ავტოსაგზაო შემთხვევებს ითვალისწინებს. ამ მიზნის მისაღწევად 2023 წლის მარტში ევროკომისია ახალგაზრდა მძღოლების უფრო საფუძვლიანი მომზადების, სამედიცინო შემოწმების კორექტირებისა და ჯარიმების ზოგადი სისტემის დანერგვის ინიციატვით გამოვიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ