„დატბორილია სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები“ - უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მცხეთა-მთიანეთში

უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები.

"სტიქიის ზონებში იმყოფებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ შორის წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ადგილზე ასევე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მათ მოსახლეობასთან შექმნილი საჭიროებების შესახებ აქტიური კომუნიკაცია აქვთ", - აღნიშნავენ პრესსამსახურში.

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, რეგიონის სხვადასხვა ლოკაციაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, შიდა საუბნო გზები, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. პარალელურად, შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიაც.