ქვეყნები, რომელსაც ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები ჰყავს

Forbes-ის უახლესი მონაცემებით, პლანეტაზე 2 781 მილიარდერი ცხოვრობს. ნაწილმა ფინანსური წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი იშორმა და თვითშემდგარი მილიარდერია, ნაწილს კი ქონება მემკვიდრეობით შეხვდა.

დღეს საშუალო მილიარდერი 66 წლისაა, თუმცა 2024 წელს მილიარდერთა რიგებს შორის ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ.

წარმოგიდგენთ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებს Forbes-ის რეიტინგის მიხედვით:

ასაკი - 43: გიომ პუაზი, შვეიცარია

43 წლის გიომ პუაზი შვეიცარიის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია, მისი ქონება დაახლოებით 7,8 მილიარდი დოლარია. სხვადასხვა ონლაინ წყაროს მიხედვით, ის ამჟამად დიდ ბრიტანეთში ან დუბაიში ცხოვრობს.

2012 წელს Pousaz-მა დააარსა ონლაინ გადახდის დამუშავების პლატფორმა Checkout.com. 2022 წლის იანვარში კომპანიის შეფასებამ მიაღწია 40-მილიარდ დოლარს. როგორც აღმასრულებელი დირექტორი, პუაზი ფლობს ლონდონში დაფუძნებული კომპანიის თითქმის ორ მესამედს.

ასაკი - 41: კიშინი რაჯ კუმარი, სინგაპური

კიშინი რაჯ კუმარი და მისი მამა სინგაპურის წამყვან დეველოპერებსა და მემამულეებს შორის სამეფო ჰოლდინგის/RB Capital ქონების იმპერიის წყალობით ლიდერობენ.

კიშინი არის RB Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამჟამად ფლობს დაახლოებით, 5 მილიარდი დოლარის აქტივებს. ის ასევე არის კვების ტექნოლოგიების სტარტაპის, TiffinLabs-ის თავმჯდომარე. Forbes-ის თანახმად, მისი ქონება ამჟამად 1,6-მილიარდ დოლარს შეადგენს.

ასაკი - 39: პაველ დუროვი, არაბთა გაერთიანებული ემირატები

პაველ დუროვმა, რომელსაც „რუსეთის მარკ ცუკერბერგს“ უწოდეს, 22 წლის ასაკში დააარსა სოციალური ქსელი VKontakte (ასევე ცნობილი როგორც VK). ამჟამად ეს არის რუსეთის უდიდესი სოციალური ქსელის პლატფორმა.

დუროვმა სამშობლო მას შემდეგ დატოვა, რაც უარი თქვა რუსეთის საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობაზე და მათთვის VK-ის მომხმარებლების დაშიფრული მონაცემების გადაცემაზე. დუროვმა საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო, მაგრამ დუბაიში 2017 წლიდან ცხოვრობს.

დღეს ის ყველაზე მეტად ცნობილია Telegram-ის დაარსებით, რომელიც Facebook Messenger-ისა და WhatsApp-ის მთავარი კონკურენტია.

39 წლის დუროვს აქვს 15,5 მილიარდი დოლარი, რაც მას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად აქცევს.

ასაკი - 37: ვანგ ნინგ, ჩინეთი

სათამაშოების მაგნატი ვანგ ნინგი ჩინეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის ტიტულს ატარებს. 37 წლის მამაკაცის ქონება ამჟამად დაახლოებით 3,1 მილიარდი დოლარია. ნინგი არის Pop Mart International-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ასაკი - 37: ივან ჟაო, კანადა

ჩინეთში დაბადებული ივან ჟაო ამჟამად კანადის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. ის არის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Notion-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ახლახან 10 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ჟაომ, რომელიც Microsoft 365 და Google Workspace-ის მნიშვნელოვანი კონკურენტია, ახლახან Forbes-ს განუცხადა, რომ Notion წელს 100 მილიონი მომხმარებლის ნიშნულს მიაღწევს. Forbes-ის თანახმად, ის კომპანიაში 30%-იანი წილს ფლობს, რაც დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარია.

ასაკი - 37: ნიჰილ კამათი, ინდოეთი

თავის უფროს ძმასთან, ნითინთან ერთად, ნიჰილ კამათმა 2010 წელს დააარსა ფასდაკლების საბროკერო კომპანია Zerodha. Zerodha-ს აქვს 10-მილიონიანი კლიენტურის ბაზა და დამკვიდრდა, როგორც ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საბროკერო ფირმა. 3,1 მილიარდი დოლარის ქონებით, 37 წლის ნიჰილი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია ინდოეთში.

ასაკი - 36: რიანა, ბარბადოსი

1,4 მილიარდი დოლარის ქონებით, რიანა ბარბადოსის ყველაზე ახალგაზრდა და ერთადერთი მილიარდერია. 36 წლისამ პოპულარობა პირველად მუსიკალური კარიერით მოიპოვა, მაგრამ სწორედ მისმა ბიზნეს წამოწყებებმა მიიყვანა იგი მილიარდერის სტატუსამდე.

რიანამ თავისი საოცრად წარმატებული კოსმეტიკური ხაზი Fenty Beauty 2017 წელს გამოუშვა. ბრენდი, რომელიც ეკუთვნის ლუქს ფრანგული საცალო ვაჭრობის კომპანია LVMH-ს, 2,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

გარდა ამისა, იგი ფლობს 30%-იან წილს ქალის თეთრეულის ხაზში, Savage x Fenty, რომელიც 2021 წელს ერთ მილიარდ დოლარად შეფასდა.

ასაკი - 36: საიდ გუცერიევი, რუსეთი

რუსეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერს, 36 წლის საიდ გუცერიევს, მისმა ოლიგარქმა მამამ, მიხაილ გუცერიევმა, Safmar Group-ის საცალო და ფინანსურ ბიზნესში წილები გადასცა. დღეს მისი ქონება დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარია.

გუცერიევს აქვს როგორც რუსეთის, ასევე გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობა. მან განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო. ამჟამად ცხოვრობს ლონდონში, სადაც ზედამხედველობს Larnabel Ventures-ს. 2022 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გუცერიევს სანქციები დაუწესა პუტინის რეჟიმთან მისი სავარაუდო კავშირების გამო.

ასაკი - 33: შუნსაკუ საგამი, იაპონია

იაპონიის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი არის M&A Research Institute-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი შუნსაკუ საგამი. ტოკიოში დაფუძნებული შესყიდვების საკონსულტაციო ფირმა, რომელიც დაარსდა 2018 წელს.

M&A იყენებს AI-ს, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებიც აქტიურად ეძებენ შესყიდვებს. საგამიმ მილიარდერის სტატუსს 2023 წელს მიაღწია. დღეს მისი ქონება დაახლოებით 1,2-მილიარდ დოლარს შეადგენს.

ასაკი - 31: ბენ ფრენსისი, დიდი ბრიტანეთი

31 წლის ბენ ფრენსისი არის გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი. როდესაც 19 წლის იყო, თავის მეგობარ ლუის მორგანთან ერთად, ფრენსისმა დააარსა სპორტული ტანსაცმლის ბრენდი GymShark. დღეს GymShark შეფასებულია 1,45 მილიარდ დოლარად, ხოლო ფრენსისს, რომელიც ფლობს ბიზნესის 70%-ს, აქვს 1,3 მილიარდი დოლარი.

ასაკი - 31: პალმერ ლაკი, აშშ

პალმერ ლაკიმ თავისი პირველი წარმატებული ვირტუალური რეალობის ყურსასმენი 16 წლის ასაკში შექმნა. მან 2012 წელს დააარსა ვირტუალური რეალობის კომპანია Oculus VR და Facebook-ზე 2-მილიარდ დოლარად გაყიდა.

მას შემდეგ ახალგაზრდა მეწარმემ წამოიწყო თავდაცვითი სტარტაპი Anduril, რომელიც 2022 წლის დეკემბერში 8.5-მილიარდ დოლარად შეფასდა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი