„ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგი არ ხორციელდება“ - აუდიტის დასკნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის შედეგად ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგის ნაკლოვანება გამოვლინდა. კომპანიაში შესაბამისი ინტენსივობით ხორციელდება ანალიზები ბუნებრივი გაზის პარამეტრების დასადგენად, როგორებიცაა, თბოუნარიანობა, სიმკვრივე და ა.შ. აუდიტის თანახმად, მიუხედავად ამისა, არ ხორციელდება ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგი და განსაზღვრა, რადგან კომპანია არ ფლობდა აღნიშნული პარამეტრების დასადგენად საჭირო მოწყობილობებს.

კერძოდ, არ ხორციელდება ისეთი ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგი, როგორიცაა ჟანგბადის კონცენტრაცია, წყალბადის სულფიდის კონცენტრაცია, ნახშირწყალბადების ნამის წერტილის განსაზღვრა და მექანიკური მინარევების მასის კონცენტრაცია.

„გაზში აღნიშნული ქიმიური ელემენტების დადგენილ პარამეტრებზე მეტი მოცულობით არსებობა იწვევს გაზის მილების, მონიტორინგის სისტემის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაზიანებას, უარყოფით გავლენას ახდენს გაზის ხარისხზე, გარემოსდაცვით უსაფრთხოებაზე და წარმოშობს დამატებით ხარჯებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია უცხო ქვეყნებიდან ტრანსპორტირებული გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ, მნიშვნელოვანია კომპანიამ სრულყოფილად აწარმოოს სათანადო ანალიზი, რეალურად მოწოდებული გაზის ხარისხისა და შემადგენლობის დასადგენად“, - ნათქვამია აუდიტში.

აღნიშნულ დარღვევებზე აუდიტმა კომპანიისგან მიიღო განმარტება, რომ შეძენილია შესაბამისი დანადგარები, რაც შესაძლებლობას მისცემს კომპანიას „შემდგომ პერიოდში განახორციელოს გაზის ხარისხის სრულყოფილი მონიტორინგი“.

„კომპანიის მიერ ბუნებრივი გაზის ხარისხის გაზომვის პროცედურები არ არის სრულად შესაბამისობაში ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებთან, რაც კომპანიის მიერ ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის ხარისხის დაცვის, გაზსადენი მილების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაზიანების რისკებს წარმოშობს“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

მერი ტაბატაძე