ყველაზე ძვირად ღირებული არდადეგები მსოფლიოს გარშემო

გამოცემა harpersbazaar იმ ყველაზე ძვირად ღირებული საინტერესო ადგილების რეიტინგს აქვეყნებს, რომელთა მონახულებაც ტურისტებს ათობით ათასი დოლარი დაუჯდებათ.

ინდოეთის სასახლეების მონახულება

ამ ტურის ფარგლებში ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ ინდოეთის ყველაზე მდიდრული სამი სასახლე - ტბის სასახლე უდაიპურში, უმაიდის სასახლე ჯოდპურში და რამბას სასახლე ჯაიპურში და თითოეულ სასახლეში სამი დაუვიწყარი ღამე გაატარონ. თუმცა, ეს სიამოვნება მათ დაახლოებით 1 670 200 დოლარი დაუჯდებათ.

სასტუმროების ჯგუფი Aman Resorts

ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, ამერიკაში, საფრანგეთში, ინდოეთში, ტაილანდში, რამდენიმე ძვირად ღირებულ სასტუმროს ფლობს. ეგზოტიკური დასვენების მოყვარულებს Aman Resorts მის მფლობელობაში არსებულ 31 სასტუმროში ერთწლიან დასვენებას სთავაზობს, რაც დაახლოებით თითო სასტუმროში 10-12 ღამით გაჩერებას ნიშნავს. ერთწლიანი სრული პაკეტის ღირებულება 286 ათასი დოლარიდან იწყება.

სათხილამურო კურორტი შვეიცარიაში

ყველამ იცის, რომ ზოგადად შვეიცარიის ალპებში განთავსებული კურორტები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა შვეიცარიის პატარა სოფელ გშტადში განთავსებული შალე ლოტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. შალეს საკუთარი კინოთეატრი და საუნა აქვს, სურვილის შემთხვევაში კი პირადი შეფ-მზარეული მოგემსახურებათ. ლოტიში დასვენება ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 55 ათასი დოლარი დაგიჯდებათ.

Dunton Hot Springs, კოლორადო

კოლორადოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მთებში განთავსებული სოფელი Dunton Hot Springs ჩასულ ტურისტებს თერმულ წყლებს, ორიგინალურ სალონებსა და ხის კაბინებს სთავაზობს, სადაც მშვიდ ვითარებაში დასვენების მსურველებს განმარტოება შეუძლიათ. Dunton Hot Springs-ის ექსკლუზიურად დაქირავება ერთი კვირის განმავლობაში 147 000 დოლარი დაგიჯდებათ.

კუნძულის დაქირავება კარიბის ზღვაში

ცნობილი ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი ბაჰამაში ერთ-ერთი თვალწარმტაცი კუნძულის მაშა კეის მფლობელია, რომელსაც ხშირად აქირავებს ტურისტებზე. კუნძულის დაქირავება შვიდი დღის განმავლობაში 402 ათასი დოლარის სანაცვლოდ არის შესაძლებელი.

მსოფლიოს საოცარი ადგილების მონახულება კერძო თვითმფრინავით

კერძო თვითმფრინავით მსოფლიოს უამრავი ქვეყნის მონახულება 28 დღის განმავლობაში ერთ ადამიანზე 108 500 დოლარი დაგიჯდებათ. ტურის ავტორები მსურველებს მსოფლიოს ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობის მონახულებას სთავაზობენ.