„არ შეეხება საწყობებსა და ავტოფარეხებს“ - კიდევ რომელ შენობებს არ ექნება ენერგოეფექტური მოწყობის ვალდებულება

„ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონებში ცვლილებები შედის. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ ცვლილებები ძირითადად ვადების დაკორექტირებას და რიგ ტექნიკურ მიმართულებებს ეხება.

კანონში შესული ცვლილება შეეხება შენობებისა და სამრეწველო ობიექტების მფლობელებს, საჯარო დაწესებულებებსა თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებებს, მოსახლეობას, ახალ შენობა-ნაგებობებს, მათ, ვინც უნდა განახორციელონ ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება და ინსპექტირება და ა.შ.

რადიო პალიტრას გადაცემაში „თქვენი დრო“ „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი აბულაშვილმა განმარტა, როგორ შენობებს არ შეეხება კანონში შესული ცვლილებები. მაგალითისთვის, ეს შესაძლოა იყოს კულტურული და რელიგიური დანიშნულების ნაგებობები, დროებითი ნაგებობები, საწყობები, ავტოფარეხები და ა.შ.

„არ შეეხება რელიგიური და კულტურული დანიშნულების ნაგებობებს; ნებისმიერი დანიშნულების შენობას, რომლის იატაკის ფართი არის 50 კვ.მ-ზე ნაკლები; დროებით ნაგებობებს, რომელთა ფუნქციური გამოყენება არის წელიწადში 4 თვე და ნაკლები პერიოდით, მაგალითად, თუ ეს არის სააგარაკე შენობა, სადაც მხოლოდ 3 თვე მიდიხარ, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის დადასტურება, ეს რთულია და არ არის ჯერ დამუშავებული; ისეთ შენობა ნაგებობებს, რომელთა ექსპლუატაციაში ენერგომოხმარება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენებს, მაგალითად საწყობი, ავტოფარეხი და ა.შ“, - აღნიშნა აბულაშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისმა პირებმა შენობის ენერგოეფექტურობის შესახებ დოკუმენტი უნდა ატვირთონ ინტერნეტბაზაში, შემდეგ მონაცემებს დაამუშავებს მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური და შეაფასებს, აკმაყოფილებს თუ არა შენობა მოთხოვნებს.

„უნდა წარადგინოს ე.წ ენერგოეფექტურობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია, ეს არის ინტერნეტბაზირებული პლატფორმა, სადაც შეგყავს მომავალი ნაგებობის ფიზიკური პარამეტრები, ეს პროგრამა გადაამუშავებს და დასკვნის სახით გამოსცემს დადებით ან უარყოფით შესაბამისობის დეკლარაციას. მუნიციპალიტეტის არქიტექტურული სამსახური შეაფასებს მოთხოვნებთან შესაბამისობას“, - განაცხადა აბულაშვილმა.

იხილეთ ასევე:შემოვა ახალი პროფესია“ - რომელ საწარმოებში განხორციელდება სავალდებულო ენერგოაუდიტი?

„ცოტა მეტი დაჯდება რემონტი“ - გაზრდის თუ არა შენობების ენერგოეფექტური მოწყობა საბიუჯეტო ხარჯებს

„შენობა გაძვირდება, მყიდველს კი მთლიანობაში ხარჯი შეუმცირდება“ - რა ვალდებულება უჩნდება მოსახლეობას

მერი ტაბატაძე