2023 წლის მონაცემებით, IT სექტორში 30 200 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2017 წელთან შედარებით, 11,2-ჯერ მეტია. კერძოდ, 2017 წელს სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებელი 2 700 კაცს შეადგენდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის ავტორთა შეფასებით, სექტორი მიმზიდველი დამსაქმებელი გახდა. მათივე ცნობით, სექტორის პოპულარობა კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას უკავშირდება. კერძოდ, სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 6 940 ლარი იყო 2023 წელს.
„2022-2023 წლებში დასაქმება მკვეთრად გაიზარდა და IT სექტორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დარგია. IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა მიგრანტების ეფექტს და სხვა სექტორებიდან მუშახელის რელოკაციას უკავშირდება. ჩვენი შეფასებით, 2023 წელს სექტორში დასაქმებული 30 200 ადამიანიდან 70-75% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 2023 წელს, IT სექტორში საშუალო ანაზღაურება 6 940 ლარს შეადგენდა, რაც 3.5-ჯერ აღემატება ბიზნეს სექტორის საშუალოს,“- ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორი 2022 წლიდან სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია IT-ზე. ეს სექტორი ძირითადად თავის მომსახურებას საზღვარგარეთ ყიდის. 2023 წელს ექსპორტმა დაახლოებით 892 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი (26%) გავიდა აშშ-ში, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (15%) და მალტა (11%).