„თანამდებობის პირების საზღვარგარეთ მივლინების დროს მათი ავტომანქანა გაჩერებული არ ყოფილა“ - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა კომპანიის ბალანსზე რიცხული ავტომობილების არამიზნობრივი გამოყენების ფაქტები.

კომპანიას 2022 სულ ერიცხებოდა 157 სატრანსპორტო საშუალება, აქედან:

  • განპიროვნებული − 16
  • სამორიგეო − 18
  • სპეციალიზებული − 119
  • თხოვების ხელშეკრულებით − 2
  • არაკლასიფიცირებული − 2

აუდიტის შეფასებით, განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობის პირების შვებულებაში ან საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის პერიოდში, მათი ავტომანქანა გაჩერებული არ ყოფილა.

„არც დოკუმენტურად დასაბუთებული საფუძვლით გადაცემული სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების სხვა თანამშრომელზე, რაც წარმოადგენს არამართლზომიერ ხარჯს“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

საანგარიშო პერიოდში სამორიგეო ავტომობილებზე გაწეულმა ხარჯმა 180 787 ლარი შეადგინა, აქედან, საწვავის ხარჯი იყო 107 855 ლარი, საიდანაც 11 383 ლარი მოიცავდა მივლინებების დროს გაწეულ ხარჯს.

„დანარჩენი 96,472 ლარის საწვავის ხარჯვისას, სამორიგეო ავტომობილების გამოყენება არ ხდებოდა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე. ვერ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, გამოიყენებოდა თუ არა სამორიგეო ავტომობილები სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად და მართლზომიერი იყო თუ არა სამორიგეო ავტომობილებზე გაწეული 96,472 ლარის საწვავის ხარჯი“, - ვკითხულობთ დასკვნაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას ორი თანამშრომლის მანქანაზე საწვავის გაცემის მიზნით, გაფორმებული ჰქონდა თხოვების ხელშეკრულებები. აუდიტს კომპანიამ ავტომანქანების თხოვების საჭიროება ვერ დაუსაბუთა, შესაბამისად, გაწეული ხარჯი არამართლზომიერია.

„2016 წლის 1 დეკემბერს თხოვების ხელშეკრულება გაფორმდა გენერალური დირექტორის ადმინისტრაციის უფროსთან, როგორც ფიზიკურ პირთან, მისი ავტომანქანის კომპანიისათვის თხოვების შესახებ. იმავე წელს გენერალური დირექტორის გამოცემული ბრძანებით, ავტომანქანა მართვის უფლებით გადაეცა მასვე და საწვავის ლიმიტი განესაზღვრა თვეში 300 ლიტრის ოდენობით. ხელშეკრულება მოქმედებდა 2022 წლის 22 სექტემბრამდე და შეწყდა ურთიერთშეთანხმებით. 2022 წელს გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 10,471 ლარი.

ანალოგიურად, 2021 წლის 23 დეკემბერს თხოვების ხელშეკრულება გაფორმდა გენერალური დირექტორის მრჩეველთან, როგორც ფიზიკურ პირთან, მისი ავტომანქანის კომპანიისათვის თხოვების შესახებ. იმავე დღეს გენერალური დირექტორის გამოცემული N5 ბრძანებით, ავტომანქანა მართვის უფლებით გადაეცა მასვე და საწვავის ლიმიტი განესაზღვრა თვეში 350 ლიტრის ოდენობით. ხელშეკრულება მოქმედია დღესაც. 2022 წელს გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 10,529 ლარი. მთავრობის დადგენილებით, აღნიშნულ თანამშრომელზე არ ვრცელდებოდა განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობის უფლება“, - აღნიშნულია აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

მერი ტაბატაძე