„ყოველი მე-3 ბავშვი მოიხმარს ერთჯერად ელექტროსიგარეტს - 8-9 წლიდან სინჯავენ ამ პროდუქტს“

საქართველომ თამბაქოს საჯარო თავშეყრის ადგილებში მოხმარება 2018 წლიდან აკრძალა. მიუხედავად ამისა, მწირი რესურსების გამო, მასობრივი შემოწმება ვერ ხორციელდება - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ 2016 წელთან შედარებით თამბაქოს მოხმარება 33%-დან 7%-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ალიანსი ელის, რომ მაჩვენებელი უახლოეს პერიოდში „მთავრობის მავნებლური პოლიტიკის“ გამო გაიზრდება. ბახტურიძე აღნიშნავს, რომ არსებული პოლიტიკა თამბაქოს ინდუსტრიის სასარგებლოდ არის.

მანვე ყურადღება გაამახვილა ბავშვებში ელექტროსიგარეტის მოხმარების მაღალ მაჩვენებელზეც და აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით, ყოველი მე-3 ბავშვი ელექტროსიგარეტს მოიხმარს.

„2021 წლიდან დაიწყეს თამბაქოს ნაწარმის უკანონო პოპულარიზაცია. მივიღეთ ის, რომ წამოვიდა ტენდენცია ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების მოხმარების ძალიან ადრეული ასაკიდან. 8-9 წლის ბავშვები სინჯავენ ამ პროდუქტს და ბოლო მონაცემებით, დაახლოებით ყოველი მე-3 ბავშვი სხვადასხვა ინტენსივობით მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტს. ეს არის საზოგადოების ჯანმრთელობისთვის კატასტროფის ნიშნების შემცველი“, - აღნიშნა ბახტურიძემ.

მერი ტაბატაძე