„2015 წლის შემდეგ დაბადებულ მოქალაქეს, თამბაქოს არც ერთი პროდუქტი არ მიეყიდება“

„ჩვენი ინიციატივაა, 2015 წლის შემდეგ დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს მისი სრულწლოვნების გახდომის შემდგომ, ანუ 2033 წლიდან აღარ უნდა მიეყიდოს თამბაქოს არცერთი პროდუქტი“, - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბახტურიძემ აღნიშნა, ალიანსმა შესაბამისი სტრატეგია უკვე შეიმუშავა, თუმცა არ ხორციელდება მისი დაფინანსება. მანვე მიმართა ხელისუფლებას და თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„ევროპის ქვეყნებს აქვს 2009 წლიდან, მაგრამ ჩვენი ინიციატივაა, რომ 2015 წლის შემდეგ დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს მისი სრულწლოვნების გახდომის შემდგომ, ანუ, 2033 წლიდან აღარ უნდა მიეყიდოს თამბაქოს არცერთი პროდუქტი. ამ შემთხვევაში მოხდება ელიმინაცია და მივალთ იმ დონემდე, როდესაც მოხმარება იქნება 5%-ზე ნაკლები, რაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ჩარჩო კონვენციების ვალდებულებები.

შესაბამისად, ეს არის სტრატეგია, სტრატეგიული გეგმაც დამტკიცებულია, მაგრამ არ ფინანსდება. ასევე არის შესადგენი თამბაქოს დასრულების პოლიტიკის ჩარჩო უნდა შემუშავებულიყო, დამტკიცებულიყო 2023 წლამდე და მაისის თვეა და ჯერ შემუშავებულიც არ არის“, - აღნიშნა ბახტურიძემ.

ამასთანავე, რესპონდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 2019 წლიდან თამბაქოს ინდუსტრიაში არსებული კომპანიებისთვის გადასახადები გაზრდის ნაცვლად მცირდება. ბახტურიძე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს კონკრეტულ სახეობებზე აქციზის გადასახადი მცირდება და თქვა, რომ გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბრენდის ინტერესებს ატარებს.

„გადასახადის შემცირებაში მოჰყვება საჩილიმე თამბაქო, შესასუნთქი და საწუწნი თამბაქო, რაც გზას უხსნის ერთ-ერთ ბრენდს. ეს ყველაფერი არის ლამაზად დალაგებული, გარიგებული გადაწყვეტილი პოლიტიკურ დონეზე და შეთანხმებული. შესაბამისად, ვიღებთ ზარალს მთელს მოსახლეობაზე. ეს ზარალი მე და მოქალაქეებმა უნდა გადაიხადოს თავის ჯიბიდან, როცა ჯანმრთელობას პრობლემები შეექმნება და მკურნალობა იქნება საჭირო“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

მერი ტაბატაძე