დივერსიფიკაციის შედეგი - ჩინეთსა და ევროპას შორის სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვების მასშტაბი 10-ჯერ გაიზარდა

ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის ყოველწლიური სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვების მასშტაბი 2016-2023 წლებში 10-ჯერ გაიზარდა და 17 ათას მატარებელს გადააჭარბა. მონაცემებს ჩინეთის რკინიგზის კორპორაცია სოციალურ ქსელ WeChat-ში ავრცელებს.

კერძოდ, მატარებლების რაოდენობა, რომლებიც ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებში და უკან ტვირთის ტრანსპორტირებას ეწევიან, დროის მითითებულ პერიოდში წელიწადში საშუალოდ, თითქმის, 40%-ით გაიზარდა, ხოლო ტვირთბრუნვის მთელი დროის განმავლობაში 90 ათას მატარებელს შეადგენდა, რომლებმაც დანიშნულების ადგილამდე 380 მლრდ დოლარის ტვირთით 8,7 მილიონზე მეტი სტანდარტული კონტეინერი მიიტანეს.

“ევრაზიულ სივრცეში ტრანსპორტირება უსაფრთხო, სტაბილური და შეუფერხებელია. მისი მასშტაბი მუდმივად იზრდება… ასევე, უცვლელად იზრდება მარშრუტების გამტარუნარიანობა, ხოლო სამუშაოების ხარისხი უმჯობესდება,“ - წერია ჩინეთის რკინიგზის განცხადებაში.

კორპორაციის ცნობით, ჩინეთ-ევროპას შორის სარკინიგზო მიწოდების არხები სულ უფრო დივერსიფიცირებული ხდება, რამაც ევროკავშირის ბაზარზე ჩინეთში წარმოებული საქონლის წვდომას ხელი შეუწყო.

„მომავალში, როცა ჩინეთის ეკონომიკა გამოჯანმრთელდება და ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზრდება, ამ მიმართულებით სარკინიგზო გადაზიდვებზე მოთხოვნა კვლავ მაღალი დარჩება,“ - წერია განცხადებაში.

საბაჟოს მთავარი სამმართველოს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ჩინეთსა და ევროპის რეგიონის სახელმწიოფებს, მათ შორის, რუსეთსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 1,21 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, მაჩვენებელმა 395 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც, 2023 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, ასევე, 0,2%-ით შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ