საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ დაეცა - IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მნიშვნელოვანი სავალუტო შესყიდვების მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ დაეცა.

შეგახსენებთ, აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529,4 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მაჩვენებლის თითქმის 11%-ია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მიმდინარე წლის მარტში დაამატა.

ამასთანავე, IMF-ის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ ეროვნული ბანკთან დაკავშირებით კანონში რჩება ხარვეზი, რაც უკავშირდება სებ-ის მმართველობისა და დამოუკიდებლობის საკითხებს.

IMF-ის შეფასებით, სებ-ის მმართველობითი ჩარჩოსა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა მონეტარული პოლიტიკის სანდოობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები უმუშევრობის დასაძლევად, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელებისთვის.

მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება გამოწვევები განათლების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების საკითხებში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში, ასევე სასამართლო სისტემისა და ანტიკორუფციული უფლებამოსილების გაძლიერების მიმართულებით.

მერი ტაბატაძე