საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტს“ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში - გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მინიატურული სახის მაკეტი შეემატა. მინი მაკეტში წარმოდგენილია საქპატენტში რეგისტრირებული ყველა, სულ 64 დასახელების პროდუქტის მინივერსია.
იხილეთ ჩამონათვალი.
უნიკალური მინიატურების ავტორი პოლიმერული თიხის ოსტატი ქეთევან მუმლაძე გახლავთ, რომელმაც 29 ღვინის, ქვევრის, 13 ყველის, 8 მინერალური წყლის, 3 თაფლის, სხვა პროდუქტებისა, თუ საგნების ანალოგი მინიატურად აქცია და პოლიმერული თიხის ნაკეთობები შექმნა. გარდა თიხისა, კომპოზიციაში გამოყენებულია ხის მასალა და ეპოქსიდი. ზოგიერთი მინიატურული ნიმუშის ზომა სულ რამდენიმე მილიმეტრია.
მინიატურაში შესრულებული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში საქპატენტის მცხეთის (სათავო) ოფისის საგამოფენო სივრცეში განთავსდა, სადაც სხვა წარმოდგენილ მუდმივმოქმედ ექსპონატებთან ერთად გამოიფინა.
მოგეხსენებათ, რომ გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტების, როგორებიცაა: „ბორჯომი“, „ხვანჭკარა“, „თუშური გუდა“, „ სულგუნი“ და სხვ. დაცვის ინსტიტუცია საქართველოში მრავალი წელია არსებობს, მაგრამ დღესაც საზოგადოების ნაწილისთვის უცნობი რჩება ამ განსაკუთრებული პროდუქტების მნიშვნელოვანი როლისა თუ სარგებლის შესახებ ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. საგულისხმოა, რომ მაკეტში წარმოდგენილი 64 უნიკალური პროდუქტის მინივერსია მკაფიოდ წარმოაჩენს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების მაკეტი პირველად, “თბილისი მერიოტში“, საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიებაზე ექსპონატის სახით გამოიფინა, რომელმაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.