კომერციულმა ბანკებმა 54.5 მლრდ ლარის სესხი გასცეს

2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 730.66 მლნ ლარით (1.36%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.66%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 54.51 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის მონაცემებით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 435.78 მლნ ლარით (1.47%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 294.88 მლნ ლარით (1.22%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.89%-ით).

ამასთან, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 15.47 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.71%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.37%-ით მეტი).

ხოლო, რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა, სანგარიშო პერიოდში, 1.72%-ით, ანუ 481.62 მლნ ლარით გაიზარდა და აპრილის ბოლოსათვის 28.41 მლრდ ლარი შეადგინა.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, 2024 წლის აპრილის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.25% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.06%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.10%-ით).

ნინი ქეთელაური