ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ რუსეთში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის სანქციების ახალი რეჟიმი შემოიღო, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ბრიუსელიდან დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა განმარტავს, რომ თავდაპირველად სურდათ, სანქციები ახალი რეჟიმისთვის კოლონიაში დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სახელობის ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ ეს სანქციები კონკრეტულ პიროვნებასთან არ დაეკავშირებინა.
სანქციების რეჟიმის შექმნის ინიციატორები იყვნენ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ფინეთი და შვედეთი. მათი აზრით, არსებობს მყარი მიზეზები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ანალოგიური რეჟიმის დაწესებისთვის, როგორიც ბელარუსის, ირანის, ვენესუელასა და ჩრდილოეთ კორეის მმართველი რეჟიმების მიმართ არსებობს.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ცალკეული სანქციების რეჟიმი მიზნად ისახავს ლეგალური საფუძვლის შექმნას ქვეყანაში სიტუაციის გაუარესებაში პასუხისმგებელი პირების დასჯისთვის.
„[სანქციების] სიაში შეყვანის კრიტერიუმები უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესებას, პოლიტიზებულ სასამართლო სისტემას და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, მათ შორის ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.