ბაქო-თბილისი-ყარსის განახლებული რკინიგზით თურქეთში პირველი ტვირთი ჩავიდა

ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით თურქეთში პირველი სატვირთო მატარებელი 25 მაისს ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო, Anadolu ავრცელებს.

მატარებელმა ბაქოდან ყარსში 20 კონტეინერში ჩატვირთული 632 ტონა პლასტმასის ნედლეული ჩაიტანა და სადგურზე ადგილობრივი დროით 04:50 საათზე შევიდა, საიდანაც შესაბამისი საბაჟო შემოწმების შემდეგ ტვირთი ლოგისტიკურ ცენტრში გადაიტანეს.

ბთყ-ის რკინიგზაზე საქართველოს 184 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზაცია-გაფართოება 2023 წლის მაისიდან დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლის 20 მაისს სამუშაოები დასრულდა.

ცნობისთვის: ბთყ-ის რკინიგზა 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა და ის თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული შედეგია. მისი მთლიანი სიგრძე 829 კმ-ია, საიდანაც 504 კმ აზერბაიჯანის, 246 კმ საქართველოს, ხოლო 79 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. რკინიგზამ შესაძლებელი გახადა, აზიასა და ევროპას შორის საქონლის მიწოდების დრო საგრძნობლად, ანუ 15 დღემდე შეემცირებინა.

ბთყ-ის რკინიგზით საქართველოს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ჩინეთს თურქეთიდან სამშენებლო მასალა, რკინის მადანი, მანგანუმი, ბორაქსი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, საწმენდი საშუალებები, მარმარილო, მინდვრის შპატი, ანუ ფელდსპარი, MDF, სოიოს შროტი, ახალი ბოსტნეული და ხილი მიეწოდება. თავის მხრივ, თურქეთში რკინიგზით მარცვლეული, ბურღულეული, ცხოველის საკვები, ნიგოზი, სილიკონი, ქაღალდი, ლითონის ფურცელი, კათოდური სპილენძი, თუთია, სასუქი, ქიმიური პროდუქცია და ელექტროსაქონელი შედის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ