„ეპ ჯორჯია გენერაცია“ - თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

28-დან 30 მაისის ჩათვლით, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. „ეპ ჯორჯია გენერაციას“ ინფორმაციით, დაგეგმილია ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავების გეგმური გარეცხვა, რაც მათი სასარგებლო მოცულობის შენარჩუნებას და დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად.

„სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ჩატარდება. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.

წყალსაცავების გარეცხვითი სამუშაოები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც გამოიწვევს ზაჰესის 3-დღიან და ორთაჭალჰესის 2-დღიან გაჩერებას და შესაბამისად, თბილისში და მცხეთაში მდ. მტკვრის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.

სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს, რაც ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.