მსოფლიო ბანკი პალესტინაში ფინანსურ კოლაფსს პროგნოზირებს

ბოლო სამი თვის განმავლობაში პალესტინის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, რამაც მისი ფინანსური კოლაფსის რისკი გაზარდა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშში წერია, სახელწოდებით, „ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა პალესტინის ეკონომიკაზე.“

ანგარიშს სააგენტო, Anadolu ავრცელებს.

მასში წერია, რომ შემოსავლის ნაკადი დიდწილად პალესტინის ავტონომიისთვის გადახდების მკვეთრი შემცირებისა და ეკონომიკური აქტივობის მასიური დაცემის გამო ამოიწურა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ძირითადი სახელმწიფო ხარჯის დასაფინანსებლად საჭირო თანხასა და შემოსავლის მოცულობას შორის სწრაფად მზარდი უფსკრული საბიუჯეტო კრიზისს იწვევს.

2023 წლის ბოლოსთვის დაფინანსების დეფიციტმა 682 მლნ დოლარს მიაღწია. ფინანსისტების პროგნოზით, ეს მაჩვენებელი უახლოეს თვეებში გაორმაგდება და 1,2 მლრდ დოლარს მიაღწევს.

“2024 წლის პირველი თვეებიდან პალესტინის ეკონომიკის მძიმე შოკი გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ 2024 წლის პერსპექტივა კვლავ მეტად გაურკვეველია, ეკონომიკის კიდევ უფრო, ანუ 6,5-9,6%-ით შემცირება პროგნოზირებადია,“ - წერია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკი, ასევე, წერს, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან პალესტინამ, დაახლოებით, ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა. ბანკის მონაცემებით, “2023 წლის შუა რიცხვებში პალესტინელების სიღარიბის საერთო მაჩვენებელი 32,8%-ს შეადგენდა. მხოლოდ ღაზას სექტორში სიღარიბის მაჩვენებელმა 64%-ს, ხოლო დასავლეთ სანაპიროზე, დაახლოებით, 12%-ს მიაღწია.”

რაც შეეხება მშპ-ს, 2023 წელს პალესტიანში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, 2022 წელთან შედარებით, 12%-ით შემცირდა და 3,360 დოლარს მიაღწია, მხოლოდ ღაზას სექტორში კი ერთ სულ მოსახლეზე მშპ 28%-ით დაეცა.

„ღაზას ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დასავლეთ სანაპიროს ამავე მაჩვენებლის, დაახლოებით, ერთ-მეხუთედს შეადგენს. 2023 წელს ღაზას სექტორში ერთ სულ მოსახლეზე რეალური შემოსავალი ისტორიაში ყველაზე დაბალი აღმოჩნდა,“ - წერს მსოფლიო ბანკი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ