“სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების სტატისტიკას მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მხოლოდ 16% აქვეყნებს და მათ შორის ერთ-ერთი ეროვნული ბანკია”

ბოლო პერიოდში ვითარება და გამყარებული კურსი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გვეზრუნა რეზერვების შევსებაზე, რაც სრულიად გამართლებულია გლობალური და თუნდაც შიდა გამოწვევების ფონზე , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ინტერვენციების განხორციელების ორი გზა არსებობს, რომელსაც სებ-ი საჭიროების მიხედვით მიმართავს.

„ერთი ეს არის - სავალუტო აუქციონი, რომელზეც გასულ კვირას, როცა ბაზარზე სრულიად ხელოვნურად აჟიოტაჟური მოვლენები მოხდა, ბაზრის დასამშვიდებლად გამოვიტანეთ 60 მლნ დოლარი და გავყიდეთ. როგორც წესი, ამას საჯაროდ იმიტომ ვაკეთებთ და იმავე დღეს ვრცელდება ამაზე ინფორმაცია, რომ ამ გზით ბაზარს არა მხოლოდ ლიკვიდურობას ვაწვდით, არამედ მესიჯსაც, რომ ვზრუნავთ ფინანსურ სტაბილურობაზე და სპეკულაციური განწყობების გაღვივებას არ ვაძლევთ საშუალებას. ეს არის ერთგვარი საჯარო მესიჯი, რომელსაც ასე იგებს თითოეული ბაზრის მონაწილე და როგორც წესი, დამამშვიდებელ ეფექტს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენ რეზერვებს, საჭიროების შემთხვევაში, მომავალშიც გავაკეთებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ სავალუტო აუქციონზე საუბრისას.

მისივე თქმით, რაც შეეხება Bmatch-ის პლატფორმაზე ვაჭრობას, მისი თქმით, ამას აქვს სრულიად სხვა დატვირთვა და მოცულობაშიც ძალიან შეზღუდულია.

ნათია თურნავას განმარტებით, Bmatch-ის პლატფორმას აქვს თავისი წესები და ირთვება კონკრეტული შემთხვევების დროს.

„მისი ამოცანა სწორედაც, რომ არ არის მესიჯის გაგზავნა რათა ავაცილოთ ბაზარს სპეკულაციები. Bmatch-ს ძირითადად ვიყენებთ ვალუტის შესაძენად ისე, რომ კურსზე არ მოვახდინოთ ზემოქმედება. არ ვახდენთ იმიტომ, რომ კურსი ამ დროს სწრაფად მყარდება, ჩვენ ამ დროს ვყიდულობთ ისე, რომ ეს ტენდენცია, ტრენდი არ შევცვალოთ და არც მესიჯი არ მივაწოდოთ სასპეკულაციოდ ბაზარს. არამედ ეტაპობრივად შევავსოთ ჩვენი რეზერვები. აქედან გამომდინარე ხდება არა იმავე დღეს გამოქვეყნება, არამედ ცოტა მოგვიანებით. აქ ისეთი შთაბეჭდილება იქნება ხოლმე, თითქოს ჩვენ ამას ვაკეთებთ რაღაცის დამალვის მიზნით. დასამალი არაფერი გვაქვს და ძალიან გვეამაყება, რომ ამ ინსტრუმენტს ძირითადად ვიყენებთ რეზერვების შესავსებად. ყველგან ვსაუბრობთ ამას, როგორც ჩვენ მიღწევაზე, რომ რეზერვები ისტორიულ მაღალ დონეზე ავიყვანეთ და ვყიდულობთ Bimatch-ის საშუალებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სსფ-ის კვლევის თანახმად, სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების სტატისტიკას მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მხოლოდ 16%-ი აქვეყნებს და საქართველო ამ 16%-შია.

„სხვათა შორის ძალიან სოლიდური ცენტრალური ბანკები არ აქვეყნებენ. ცენტრალური ბანკების 16%-შიც კი ჩვენი გამოქვეყნების პერიოდულობა არის სამაგალითო. ზოგი კვარტალურად აქვეყნებს, ზოგი 6 თვეში ერთხელ აქვეყნებს, ზოგიც წლიურად, ჩვენ კი ყოველთვიურად ვაქვეყნებთ. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ მიზნობრივად ვიყენებთ და აქ რაიმე კითხვის დასმის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ნათია თურნავამ, რომლის კომენტარსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.