რა უპირატესობა აქვს თურქულ პროდუქციას ქართულთან შედარებით

„ერთადერთი მათი უპირატესობაა ფასი“ - თურქული იმპორტირებული პროდუქციის უპირატესობაზე ადგილობრივთან შედარებით, ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ქართული პროდუქცია თურქულს ხარისხისა და ეკოლოგიის თვალსაზრისით, გაცილებით სჯობს, თუმცა ფასი არის ის, რითიც ის ადგილობრივ პროდუქციას სჯობნის.

„ხილ-ბისტნეულის დიდი ნაწილი ჩვენთან თურქეთიდან შემოდის. მთავარი პრობლემა კი სახნავ-სათესი სავარგულებია. ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რაზეც ყველა შემდგომი საკითხი უნდა აშენდეს. ჩვენ მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ და მცირე მიწაზე მოყვანილი მოსავალი ყოველთვის ძვირი ჯდება. ეს არის ელემენტარული“ - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

მისი თქმით, იმ ინვესტიციებსა და თანამედროვე გამოწვევებზე წვდომა, რაც სოფლის მეურნეობას სჭირდება, მცირე ფერმერს არ აქვს.

„უნდა იყოს რაც შეიძლება მსხვილი ფერმერული მეურნეობები, რათა მათ მიიღონ ახალ ინვესტიციებზე წვდომა და ახალი ტექნოლოგიები დანერგონ. ევროპასთან კონტაქტმა თურქეთს მოუტანა ახალი ტექნოლოგიები და სწორედ ამის მეშვეობით მოჰყავთ მათ პროდუქცია ისე, რომ თავისთვისაც ჰყოფნით და დიდი რაოდენობით ექსპორტზეც გააქვთ“ - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი