თხილის ქართველ მწარმოებლებს სახელმწიფო მხარდაჭერა გაუგრძელდათ - რამდენია გამოყოფილი

საქართველოში თხილის წარმოებისთვის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელსაც გაგრძელდება - სპეციალურად ამისთვის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი თხილის მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებისთვის გამოიყოფა. ამის შესახებ ცნობილი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გიორგი კაპანაძის გამოსვლიდან გახდა.

„წელს თხილის წარმოების განვითარების პროგრამის სუბსიდირება 20 მლნ ლარით არის დაგეგმილი. გამოყოფილი დაფინანსება საკმაოდ დიდია. ვიმედოვნებთ, რომ მოსავალი გაიზრდება და ეს ექსპორტის მოცულობაზე აისახება“, - განაცხადა მან

კომიტეტმა ასევე გასული წლის პროგრამის შედეგები განიხილა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, 2023 წელს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა უფრო ეფექტური გახდა, თუმცა თხილის ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ რჩება.

„ასეთი პროგრამები საკმაოდ უჭერს მხარს თხილისა და კაკლის ექსპორტს, თუმცა ალბათ ყველას გვესმის, რომ თხილის საექსპორტო ფასს ჩვენ ვერ განსაზღვრავთ, რადგან ჩვენ არ ვართ მსოფლიო ბაზრის მთავარი მიმწოდებელი.

გასულ წელს საექსპორტო ფასი შედარებით დაბალი იყო, წელსაც იგივე ტენდენციაა, თუ ბაზარზე ფასის ცვლილება იქნება, ეს ჩვენზეც აისახება. სამწუხაროდ, ისეთი მოცულობის მოსავალი არ გვაქვს, რომ მსოფლიო ბაზარზე გარკვეული წესები დავამყაროთ“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლისთვის პროგრამის ფარგლებში 3 ჰექტარამდე თხილის პლანტაციის მფლობელ ფერმერებს 500 ლარის ოდენობის დახმარება გაეწიათ. თუმცა, გასულ წელს თხილის ექსპორტი შემცირდა - 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 52.3 მლნ დოლარის ღირებულების 11.1 ათასი ტონა თხილი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.6 მლნ დოლარით (13%-ით) ნაკლებია.

ეკა დარჩიაშვილი