"ხელისუფლებასთან ახლოს მყოფ ბიზნესმენებს რომ პროტესტი უჩნდება, გამოდის იგრძნეს საფრთხე საკუთარი ბიზნესისთვის"

„სოსო ფხაკაძე შევარდნაძის დროს შევარდნაძესთან იყო, სააკაშვილის დროს - სააკაშვილთან, ივანიშვილის დროს - ივანიშვილთან,“ - "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, Wissol ჯგუფის დამფუძნებლის, საქართველოს ბიზნესასოციაციის თავმჯდომარის სოსო ფხაკაძის მიერ ხელისუფლებისთვის მოწოდებას ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ ფხაკაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, ან გადაიდოს პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განხილვა, ან კანონის ამოქმედების ვადად 2025 წლის 1-ლი იანვარი განისაზღვროს.

"როდესაც ხელისუფლებასთან ასე პერმანენტულად ახლოს მყოფი ბიზნესმენები, რომლებიც ხარკს უხდიან ხოლმე მას, იძულებულნი ხდებიან, თქვან, რომ მათ პრობლემა აქვთ, ამასთან, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ახლა გაუჩნდა ეს პროტესტი. 2 და 3 თვის წინ და შარშანაც ეცოდინებოდა, რომ ცუდია ეს კანონი. მაგრამ იგრძნეს საფრთხე სწორედ საკუთარი ბიზნესისთვის, რადგან რაც უფრო დიდია სტრუქტურა, მით უფრო დაკავშირებულია ის დასავლეთთან.

რიკოთით რომ ამაყობენ, ვისი ფულით გაკეთდა რიკოთი? როდესაც უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი შენს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის, IMF-ის, აზიის ბანკისა და სხვა დასავლური ფულით ხორციელდება, ერთ დღეს აორთქლდება ქართული ლარი დასავლური მხარდაჭერის გარეშე.

არც რუსეთს არ აქვს ისე საქმე, რომ დასავლეთის წასვლის შედეგად, „შეეშველოს“ ქართულ ეკონომიკას. ასე რომ, ცეცხლს ეთამაშება ივანიშვილი და ბელარუსიზაციას ცდილობს“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

იხილეთ ასევე: „გადაიდოს ვეტოს განხილვა, ან კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1-ელ იანვარს“

ეკა დარჩიაშვილი