ბენზინისა და დიზელის 54.7% რუსეთზე მოდის - როგორია იმპორტის მაჩვენებელი

2024 წლის იანვარ-აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 423.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 76.2 ათასი ტონით ანუ 21.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (347.2 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 214.2 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 209.2 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტს შემდეგი მაჩვენებელი ჰქონდა:

  • A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 113.6 ათასი ტონა (53%);
  • A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 95.8 ათასი ტონა (44.7%);
  • A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 4.8 ათასი ტონა (2.2%);

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან - 231.6 ათასი ტონა განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 54.7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 56.7 ათასი ტონა - 13.4%; რუმინეთი - 54.8 ათასი ტონა - 12.9%; აზერბაიჯანი - 36,5 ათასი ტონა - 8,6%; ბელარუსი - 17,5 ათასი ტონა - 4,1%; თურქმენეთი - 10,2 ათასი ტონა - 2,4%; კვიპროსი - 6,3 ათასი ტონა - 1,5%; საბერძნეთი - 5,5 ათასი ტონა - 1,3%; თურქეთი - 2 ათასი ტონა - 0,5% და სხვ.

ეკა დარჩიაშვილი