კოლხეთის ეროვნულ პარკში თხევად საწვავზე მომუშავე ნავებით გადაადგილება 2028 წლამდე იქნება შესაძლებელი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვის ძრავიანი ნავებით გადაადგილება დაშვებული იქნება 2028 წლის 1 იანვრამდე.

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვის ძრავიანი ნავებით გადაადგილება დაშვებული იყო 2024 წლის 1 იანვრამდე.

მომხსენებლის თქმით, ფოთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რათა მათ შეძლონ ტრადიციული საქმიანობის განხორციელება, საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა და აღნიშნული რეგულაციის 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

თაია არდოტელი