ჩინური სატვირთო ავტომობილები საქართველოს გავლით თურქეთში ტვირთების გადაზიდვას ივლისში გეგმავენ

ჩინური სატვირთო ავტომობილები საქართველოს გავლით თურქეთში ტვირთების გადაზიდვას ივლისში განახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შუა დერეფნის ისტორიაში პირველად, ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული საპილოტე ავტოგადაზიდვა განხორციელდა - ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები საქართველოში ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით, 26 მაისს შემოვიდნენ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილიემ გურამ გურამიშვილმა განაცხადა, ამ შემთხვევაში ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველო იყო, თუმცა, სამომავლოდ შესაძლებელია, შუა დერეფნის მარშრუტით ავტოგადაზიდვები ჩინეთიდან ევროპაში განხორციელდეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ივლისშიც დაიგეგმა საქართველოს გავლით ანალოგიურ მარშრუტზე სატრანზიტო გადაზიდვა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდება.

„ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული ავტოგადაზიდვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმ იმპორტიორებისა და მეწარმეებისთვის, რომელთაც ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აქვთ. ამ ტიპის საავტომობილო გადაზიდვების შესაძლებლობა მათ მობილობას ბევრად გააადვილებს და ზოგადად, მიწოდების ჯაჭვში ტვირთების საქართველოში შემოსვლას გაცილებით ოპერატიულს გახდის“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ეს მარშრუტი 2017 წლიდან მუშაობს სარკინიგზო ტრანსპორტის სახით, წელს კი პირველად გაიცვალა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალჯერადი საავტომობილო გადაზიდვის ნებართვები.

„ასეთი სახის გადაზიდვების რაოდენობის ზრდის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში განვითარდება სხვადასხვა სახის ლოგისტიკური სერვისები. რაც მთავარია, ჩვენი ინფრასტრუქტურა ინტენსიურად ვითარდება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალი ამის პირველი დადასტურებაა. ქვეყანაში ასევე არაერთი გლობალური სატრანსპორტო პროექტი ხორციელდება - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები, აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ამ მარშრუტით ავტოგადაზიდვის ვადებს - გურამიშვილის ინფორმაციით, ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვას 52 დღე სჭირდება, მაშინ, როცა შუა დერეფნის გავლით საქართველოს პორტებამდე საკონტეინერო გადაზიდვა 12 დღეშია შესაძლებელი. მისი შეფასებით, გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს პროექტი და მარშრუტი უაღრესად მიმზიდველია.

„შესაბამისად, საქართველო გლობალური მიწოდების ჯაჭვში შუა დერეფნის სახით მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თაია არდოტელი