რომელი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის გაზი ყველაზე ხელმისაწვდომი - 2024 წლის რეიტინგი

ეკონომიკური კვლევის ცენტრ „რია რეიტინგის“ ექსპერტებმა მოსახლეობისთვის გაზის ხელმისაწვდომობის მხრივ ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კერძოდ, კვლევა ამ ქვეყნების ცენტრალური ბანკების, სტატისტიკური სამსახურების, მარეგულირებელი ორგანოებისა და Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება.

ლიდერი ქვეყანა ყაზახეთია, სადაც გაზის საშუალო ფასი მიმდინარე მაისის მდგომარეობით არის მოცემული, ისევე, როგორც რუსეთსა და ბელარუსში, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის გაზის საშუალო ღირებულება 2023 წლის მეორე ნახევრის მდგომარეობას ასახავს.

კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქეს საშუალო თვიური ხელფასით 10 ათას კუბურ მეტრზე მეტი გაზის შეძენა შეუძლია. ექსპერტების შეფასებით, მართალია, ქვეყანაში ხელფასები შედარებით დაბალია, მაგრამ რეიტინგში მონაწილე ყველა ქვეყანას შორის ყაზახეთში გაზი ყველაზე იაფია.

ცოტა ნაკლები, დაახლოებით, 9 ათასი კუბური მეტრი გაზი საშუალო თვიური ხელფასით რუსეთის მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი, რითიც ქვეყანა მეორე ადგილზეა, ხოლო სამეულს ბელარუსი ხურავს. იქ მცხოვრებ პირს საშუალო თვიური ხელფასით, თითქმის, 5 ათასი კუბური მეტრი გაზის შეძენა შეუძლია.

ხუთეულში, ასევე, არიან ლუქსემბურგი და დიდი ბრიტანეთი, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ, 3 ათასი კუბურ მეტრზე მეტი გაზი შეიძინონ.

რაც შეეხება აუტსაიდერებს, 30 ქვეყნისგან შემდგარ სიაში ბოლო ადგილზე მოლდოვაა, სადაც საშუალო ხელფასით მხოლოდ 604 კუბურ მეტრ გაზის ყიდვა არის შესაძლებელი. შემდეგი ლიეტუვა (805 კბ.მ), პორტუგალია (992 კბ.მ), ლატვია (1207 კბ.მ) და ბოსნია-ჰერცოგოვინაა (1,209 კბ.მ).

მოსახლეობისთვის გაზის ხელმისაწვდომობით ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • ყაზახეთი - 10,500 კბ.მ-მდე (ათასი კბ.მ-ის ფასი 68 დოლარი)
  • რუსეთი - 9,209 კბ.მ-მდე (81 დოლარი)
  • ბელარუსი 5,000 კბ.მ-მდე (117 დოლარი)
  • ლუქსემბურგი - 4,640 კბ.მ-მდე (951 დოლარი)
  • დიდი ბრიტანეთი - 3,086 კბ.მ-მდე (1,248 დოლარი)
  • უნგრეთი - 2,986 კბ.მ-მდე (370 დოლარი)
  • ბელგია - 2,882 კბ.მ-მდე (1,112 დოლარი)
  • დანია - 2,762 კბ.მ-მდე (1,364 დოლარი)
  • გერმანია - 2,676 კბ.მ-მდე (1,281 დოლარი)
  • ნიდერლანდები - 2,426 კბ.მ-მდე (1,678 დოლარი)

2023 წელს გაზის მსოფლიო ფასები, 2022 წლის ანომალიურ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელზე მაღალი დარჩა. ექსპერტების შეფასებით, ევროპის ბაზარზე არსებული მდგომარეობა გაზის მიწისქვეშა საცავების 2022 წლის დიდმა მარაგმა, ასევე, 2022-2023 წლების შედარებით თბილმა ზამთარმა და 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჰაერის შედარებით მაღალმა ტემპერატურამ განსაზღვრა. თბილი ზამთრის გარდა, ევროპაში გაზის მოხმარება შემცირდა, რაც რუსულ მილსადენის გაზზე უარის თქმის გამო რესურსების დაზოგვის სტრატეგიამ გამოიწვია.

ნიდერლანდურ TTF-ის ბირჟაზე ათას კუბურ მეტრ გაზის საშუალო ფასი 2023 წლისთვის 459 დოლარს შეადგენდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 2.9-ჯერ ნაკლებია. ფასები შემცირდა ევროპის მრავალი ქვეყნის საცალო ბაზარზეც, რამაც შინამეურნეობების ხარჯზე გავლენა მოახდინა და საბოლოო მომხმარებლისთვის გაზის ხელმისაწვდომობაზე დადებითად აისახა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ