საჯარო რეესტრს საეჭვო ანგარიშგებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნა დაევალება

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალება საეჭვო ანგარიშგებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნა. აღნიშნულს გულისხმობს მთავრობის მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, კანონპროექტი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების ეფექტურობისა და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით მომზადდა.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.

„ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტი, ე.წ. მანივალი აფასებს ამ რეკომენდაციების წევრი ქვეყნების კანონმდებლობებთან შესაბამისობას და ამის თაობაზე გასცემს ქვეყნებთან მიმართებით რეკომენდაციებს. შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა საქართველოსთან მიმართებაშიც, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში, პლენარულ სხდომაზე, უნდა იქნეს განხილული და შეფასდეს საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა იმ ახალ მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში არის დაწესებული. კომიტეტი, მანივალის რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მხოლოდ წევრი ქვეყნის იმ კანონმდებლობებს და კანონებს, რომლებიც მიღებული იქნება მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით და სწორედ ეს გახლავს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის საფუძველიც“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა ცვლილება ეხება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას.

კერძოდ, MONEYVAL-ის ექსპერტების შეფასების საფუძველზე, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განიმარტება საფუძვლიანი ეჭვი, კანონიდან გაქრება გადაზღვევის ბროკერის ცნება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალება საეჭვო ანგარიშგებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნა და პრევენციული ღონისძიებების გატარება, ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მქონე პირის მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას მოთხოვნილი იქნება ტრასტის შექმნის დოკუმენტი და ა. შ.

„ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ვართ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამიტომ, რა რეკომენდაციებიც იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ.

კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

თაია არდოტელი