რუსეთში საიმპორტო გადასახადის ზრდა ევროპული ღვინის მიწოდებას ვერ ამცირებს

რუსეთის ე.წ. არამეგობრული ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე გაზრდილმა გადასახადმა მიწოდება ვერ შეზღუდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც საფრანგეთი და ესპანეთია. უფრო მეტიც, ფედერალური საბაჟო შემოსავლებისა და სატარიფო რეგულირების მთავარი სამმართველოს მონაცმებით, მიწოდება გაიზარდა.

უწყების ხელმძღვანელ მაქსიმ ჩმორას განცხადებით, საიმპორტო გადასახადის ზრდამ მხოლოდ იტალიურ ღვინოებზე “იმოქმედა” და მათი იმპორტი შემცირდა. თუმცა “ესპანელი და ფრანგი მიმწოდებლები ამ გადაწყვეტილებაზე მშვიდად რეაგირებდნენ და იმპორტირებული პროდუქციის მოცულობაზე, ფაქტობრივად, არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რაც, პირიქით, გაიზარდა.”

მართალია, არამეგობრული ქვეყნებიდან მოწოდებით იტალია ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი მცირდება, ხოლო ესპანური და ფრანგული ღვინოების წილი იზრდება. ევროპის მიმწოდებლების ტოპ 5-ეულში, ასევე, პორტუგალია და გერმანია შედის. მთლიანობაში, რუსეთში ღვინის იმპორტში ე.წ. არამეგობრული ქვეყნების წილი 64%-ს შეადგენს.

საიმპორტო გადასახადის ზრდით მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საბაჟო გადახდებმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 3,9 მლრდ რუბლთან (44 მლნ დოლართან) შედარებით, 4,2-ჯერ მეტი, ანუ 16,5 მლრდ რუბლამდე (186 მლნ დოლარმადე) შეადგინა. თუმცა ამ ქვეყნებიდან მიწოდება მხოლოდ 17-18%-ით შემცირდა.

ზოგადად, ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, ბოლო წლებში რუსეთში იმპორტირებული ღვინის მიმწოდებლების გეოგრაფია არ შეცვლილა. კერძოდ, მაქსიმ ჩმორას მონაცემებით, იტალია ლიდერობს, რომლესაც საქართველო, ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალია მოსდევს. მისი თქმით, ყველა ეს ქვეყანა მიმდინარე წელს წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს.

ცნობისთვის: ე.წ. არამეგობრული ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე 20%-მდე გაზრდილი გადასახადი რუსეთში 2023 წლის 1-ელ აგვისტოდან ამოქმედდა. მანამდე გადასახადი 10%-დან 12,5%-მდე მერყეობდა. გაზრდილი გადასახადი მიმდინარე წლის ბოლომდე რჩება ძალაში.

ამასთან, გადასახადის მკვეთრი, 200%-მდე ზრდა განიხილება. ჩმორა აღიარებს, რომ ბაჟი შესაძლოა, რადიკალურად, 100%-ით ან 200%-ით გაიზარდოს, მაგრამ თუ შიდა მოთხოვნისას ალტერნატივა არ გაჩნდა, ეს პროდუქცია კვლავ მოთხოვნადი იქნება და ბაზარზე მაინც მოხვდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ