როგორ შევცვალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ - მონაკოში, "მსოფლიო წლის მეწარმე 2015"-ზე
(EY World Entrepreneur of The Year 2015) შეკრებილი ყველაზე წარმატებული მეწარმეები, სწორედ ამ თემაზე მსჯელობდნენ.
მონაკო რამდენიმე დღის განმავლობაში მასპინძლობდა მათ, ვინც საკუთარი ქვეყნის ბიზნესგარემო უკვე შეცვალა უკეთესობისკენ. 2-7 ივნისს, მონტე კარლოში, "მსოფლიო მეწარმეთა კონკურსის" ფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც საქართველო "თიბისი ჯგუფის" ხელმძღვანელმა, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.
მონტე-კარლოს "მსოფლიო მეწარმი"-ს ფინალურ კონკურსს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 მონაწილე სტუმრობდა. კონკურსზე წარდგენილი იყო 65 გამარჯვებული მსოფლიოს 53 ქვეყნიდან, მათ შორის მამუკა ხაზარაძე. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მსოფლიო მეწარმის ტიტულის მფლობელი სამშენებლო ბიზნესში ერთ-ერთი ლიდერი ფრანგული კომპანია Altrad Group-ის დამფუძნებელი და მმართველი, მოჰედ ალტრადი გახდა. მოჰედ ალტრადი წარმოშობით სირიიდანაა და სირიის ერთ-ერთ უდაბნოში, ბედუინების ტომში გაიზარდა.
მამუკა ხაზარაძის საინტერესო და წარმატებულმა ბიზნესისტორიამ საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიქცია. "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა ინტერვიუები მისცა ისეთ გამოცემებს, როგორიც არის CNBC, BBC, Reuters და Financial Times. მამუკა ხაზარაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მეწარმის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, შეხვდა მსოფლიოს წამყვან მეწარმეებსა და ლიდერი კომპანიების ხელმძღვანელებს.
მამუკა ხაზარაძე: 30 წლის წინ Ernst & Young-მა ჩაუყარა საფუძველი ამ ღონისძიებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბოლო 15 წელია ატარებს მსოფლიოს მასშტაბით. წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა "მსოფლიო მეწარმეთა" კონკურსში. გასულ წელს საქართველოში ჩატარდა კონკურსი და საერთაშორისო ჟიურიმ დამასახელა საქართველოს საუკეთესო მეწარმედ. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა მე წარვადგინე ამ ღონისძიებაზე. ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიება იყო. ჩამოსული იყვნენ ძველი გამარჯვებულები, ასევე ძალიან ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ფაქტობრივად შეცვალეს მსოფლიოს ბიზნესწყობა, მენტალობა, სტრუქტურა თავისი ინოვაციებით, გამოგონებებით და წარმატებებით. ღონისძიების მიმდინარეობისას დაგეგმილი იყო ამ ადამიანებთან შეხვედრა, დისკუსია... ამ ღონისძიებას სხვაგვარად ბიზნესის ოსკარსაც უწოდებენ. ძალიან დიდი პომპეზურობით აღინიშნება. ჟიურის წევრები ძალიან ცნობილი ადამიანები არიან, მათ შორის იყო მაგალითად "სონის" დამფუძნებელი.
- კონკრეტულად ვის შეხვდით მონტე კარლოში და როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება საქართევლოს, ჩვენი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ?
- ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მეწარმეებთან შეხვედრა. მაგალითად, შევხვდი შეერთებული შტატების, არგენტინის, იაპონიის და სხვა ქვეყნების საუკეთესო მეწარმეებს. ბევრი ინოვაციური და საინტერესო იდეა მოვისმინე მათგან. კარგია რომ ჩვენ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ნაწილი გავხდით. ის, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ, უნდა მოისმინო უშუალოდ მათგან, ვინც თავად არის ბევრი სიახლის სულისჩამდგმელი. რაც შეეხება დამოკიდებულებას, აღმოვაჩინე, რომ მიუხედავად იმისა, თითქოს სულ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის წარდგენა საზღვარგარეთ, ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი მსოფლიოსთვის საქართველოს უკეთ გასაცნობად. ბევრმა არ იცის იმ წარმატებების შესახებ, რასაც წლების განმავლობაში მივაღწიეთ. მათ შორის არის თუნდაც ეკონომიკური ზრდა, კორუფციის დამარცხება, ის, რომ მეთხუთმეტე ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში და მეორე რეფორმატორი ქვეყანა ვართ მსოფლიოში. როდესაც ამ მონაცემებს იგებდნენ ჩვენგან, გაოცებას ვერ მალავდნენ. მათ მაინც წარმოუდგენიათ, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცე და კონფლიქტების ზონა. დამრჩა განცდა, რომ ამ მიმართულებით საჭიროა მუშაობა, რომ უკეთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის წარდგენა. ბიზნესი მთელი მსოფლიოდან ეძებს კარგ გარემოს, სადაც არ არის კორუფცია, არ არის შემაფერხებელი ბარიერები და ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს. მეტიც, ამ ეტაპზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გვაქვს, მაშინ როცა მთელი რიგი ქვეყნებია, სადაც ეს მაჩვენებელი არ იზრდება.
- ამ შეხვედრების ფარგლებში ხომ არ დაიგეგმა სამომავლოდ ვიზიტები საქართველოში?
- ჩვენთან ერთად მონაკოში იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილი. ჩვენ ერთად შევხვდით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რამდენიმე ათეული მილიარდის მქონე ფონდის, "აბრააჯ ფონდის" დამფუძნებელს. ველოდებით, რომ შემოდგომით შედგება მისი ვიზიტი საქართველოში. ჩვენს გარშემო ქვეყნებში თითქმის ყველგან დიდი ოფისი აქვს ამ ფონდს და ასეთი ფონდის შემოყვანით შესაძლებელი იქნება ათეულობით ბიზნესმენის შემოყვანა საქართველოში. ამ ფონდის დამფუძნებლები არიან სხვადასხვა ქვეყნის ძალიან ცნობილი ადამიანები და კომპანიები.
- რამდენიმე ცნობილ გამოცემას მიეცით ინტერვიუ და საინტერსოა, რა იყო ძირითადად მათი ინტერესის საგანი?
- როცა აუდიტორული კომპანია ატარებს ბიზნესის შეფასებას, ამ შემთხვევაში ციფრებია ყველაზე მნიშვნელოვანი - საიდან დავიწყეთ, როგორი ზრდა გვქონდა, რამდენი ადამიანი დავასაქმეთ და ა.შ. მაგრამ, კრიზისის შემდეგ მსოფლიოში შეინიშნება ტრენდი, სადაც სოციალური პასუხისმგებლობა დგება პირველ ადგილზე. ბიზნესმენები მიხვდნენ, რომ ციფრები არ არის მთავარი - დღეს შეიძლება შთამბეჭდავი ბალანსი გაქვს, მაგრამ ხდება რყევა საფონდო ბირჟაზე და ბალანსი ირღვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხში მოხდეს სერიოზული კაპიტალიზაცია, იმ ადამიანებში, ვინც შენთან ერთად აკეთებს საქმეს და შენი თანამებრძოლები არიან. ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინიც ამ ბიზნესის ნაწილი არიან. ყველა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, რადგან მათი ზრდა, მათი სტაბილურობა და მათი ოჯახების სტაბილურობაა მნიშვნელოვანი. თუმცა, ეს პროცესი არ მთავრდება კომპანიის შიგნით. სოციალური პასუხიმგებლობა იმაზე მეტია, ვიდრე სერვისების და პროდუქტის შეთავაზება. ყველა თანხმდება, რომ შენი კლიენტების და მომხმარებლების გამო ხდები შენ წარმატებული და თუ ზურგი შეგაქციეს, შენ ბიზნესში აღარ ხარ. ამიტომ, ახლა უკვე მიდის ძიება იმისა, თუ როგორ უნდა ჩართო შენს წარმატებაში საზოგადოება. ჩვენ სხვათა შორის ამაზე ბევრს ვფიქრობდით და გამიხარდა, რომ ჩვენი ნააზრევი დაემთხვა იმას, რაზეც მონაკოში ცნობილი მეწარმეები მსჯელობდნენ. წარმოიდგინეთ, ჩვენ აქ რაღაცას ვაკეთებთ, გვგონია, რომ ეს ჩვენი გამოგონებაა, ამ დროს კი ხედავ, რომ მსოფლიო მასშტაბის კორპორაციაც ამაზე გელაპარაკება. გიხარია, რომ შენით მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ეს მიმართულება განვავითაროთ. წარმატებულ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები ვერ იქნებიან ბედნიერი, თუ მათ გარშეო ბევრი უბედური ადამიანი იქნება. სამართლიანი გადანაწილების პრინციპი, სოციალური უზრუნველყოფა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანებს შორის არსებულ სოციალურ ზღვარს ამცირებს.
- გარდა დაჯილდოების ცერემონიისა, კიდევ რა ღონისძიებები გაიმართა მონტე-კარლოში?
- გვქონდა შეხვედრა მონაკოს პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც თავის რეზიდენციაში მიგვიღო. ასევე შევხვდით მონაკოს ფინანსთა მინისტრს. ასევე გვქონდა შეხვედრა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ბიზნესმენთან, მათ შორის იყოს "სტარბაქსის" დამფუძნებელი, რომელმაც ფაქტობრივად გადატრიალება მოახდინა საცალო ვაჭრობის ბიზნესში. შეერთებულ შტატებში ყავის სამი პატარა მაღაზიიდან დაიწყო და გახდა გიგანტიც. მისი ქსელი დღეს 66 ათას ობიექტს ითვლის. მათ შორის არც ერთი არ არის ფრანჩაიზით გაცემული და ყველა კომპანიას ეკუთვნის. სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ელემენტი ამაშიც არის, როცა ყველა თანამშრომელი ბიზნესის მონაწილეა. ფაქტობრივად, "სტარბაქსის" ახალ ობიექტს ხსნის ის ხალხი, ვინც მონაწილეა ამ პროცესის, დამლაგებლიდან დაწყებული და დირექტორით დამთავრებული. ამიტომაც არის ის წარმატებული, რადგან მხოლოდ თავის ბიზნესზე მუშაობს. გვქონდა შეხვედრები თავად გამარჯვებული ჯგუფის დელეგაციებთან. საკმაოდ საინტერესო ბიზნესმენები გავიცანი, მათ შორის რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ა.შ.
- ასეთი შეხვედრების დროს ბიზნესმენები ერთმანეთს რამე სახის რჩევას ხომ არ აძლევენ?
- იქ ასე არ ხდება, რომ ვიღაც ვიღაცას რჩევას აძლევს. ისინი ეძებენ შენგან კარგ იდეას. ფაქტობრივად ადამიანები იქ ერთმანეთს უსმენენ, რაც ჩვენ აქ გვაკლია. იქ არ მიდის იმაზე ლაპარაკი, რომ მე შენზე დიდი ვარ და მოდი მე მომისმინეო. პირიქით, დიდი კომპანიები უსმენს პატარა კომპანიებს, რადგან იციან, რომ პატარა კომპანიამ უფრო იცის როგორ გაიზარდოს, რადგან დიდი კომპანია ერთხელ უკვე გაიზარდა და შემდეგ ცდილობს ეს მასშტაბები არ შეუმცირდეს. თანხის ზომით და კომპანიის ბალანსით იქ შეჯიბრი არ მიდის, არამედ ინოვაციით - დროის რა პერიოდში რა შექმენი, რამდენად გაზარდე და რა ზეგავლენა მოახდინე შენ გარშემო მყოფ ადამიანებზე. ამ მაგალითებზე იყო აქცენტი გაკეთებული. ამ ღონისძიების ყველა მონაწილე არის განსაკუთრებული ისტორია. ყველა ეს ადამიანი არის ის ხალხი, ვინც თითქმის ნულიდან შექმნა ბიზნესი. რამდენიმე დიდი საოჯახო ბიზნესის წარმომადგენელიც იყო მსოფლიო მეწარმის ღონისძიებაზე. მათ შორის ერთ-ერთი გერმანელი ქალბატონი, რომელიც წარმოადგენდა 600 წლის ისტორიის მქონე კომპანიას. ისინი აწარმოებენ ჩანთის მაგნიტურ ჩამკეთებს. ეს ქალბატონი ყვებოდა, როგორ გადაარჩინეს 600 წლიანი კოპანია გაკოტრებას. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მუდმივი არაფერია და ბიზნესს განახლება სჭირდება.
- თქვენ არანაკლებ მნიშვნეოვანი ფიგურა ხართ ქართულ ბიზნეს სექტორში. თქვენ რა შეცვალეთ ქართულ ბიზნესში?
- ალბათ თავად მენტალობა, რომ ნულიდან შეიძლება რაღაც შექმნა და არა მხოლოდ იმ დროს, როცა მე დავიწყე ბიზნესსაქმიანობა. ხშირად ვამბობ, რომ მე მოვხვდი საჭირო დროს საჭირო ადგილას. მაგრამ, მაშინ არ იყო ის გარემო და ინფრასტრუქტურა, რომელიც მაგალითად დღეს არის. თავისუფალი ნიშა ყველგან არის. ვიღაც იგებს და ვიღაც აგებს. ახლაც კი, როცა ჩვენ რაღაც ბიზნესს ვიწყებთ, ვიწყებთ ნულიდან, მიკრო დონიდან, იქნება ეს "გურიელი", მუხრანი თუ სამტრედიაში ჰიდროფონიკზე სალათის ფურცლების წარმოება. თუმცა რამდენიმე წელში ყველა ეს ბიზნესი ძალიან მასშტაბური იქნება. მიყვარს საქმის ნულიდან აწყობა, რადგან საფუძველია ძალიან მნიშვნელოვანი. "ბორჯომის" წარმოებაც ასე დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბრენდი იყო, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მოსდევდა თან. მთელი საბჭოთა კავშირი ყიდდა იმ დროს "ბორჯომს" და მომხმარებელსაც ეგონა, რომ ნამდვილ ბორჯომს მოიხმარდა. ყველაზე რთული იყო, რომ ვიღაცისთვის "ნამდვილი" პროდუქტი, რეალურად ნამდვილით ჩაგენაცვლებინა. ახლა კი "ბორჯომი" 40 ქვეყანაში იყიდება და ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქტია.
- რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ საქართველოს საუკეთესო მეწარმე?
- პირველ რიგში, გულახდილად უნდა ვთქვა, რომ არ ველოდებოდი ასეთ დიდ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. იქ რომ ჩავედი, სხვაგვარად გადავაფასე თუ რამდენად დიდი ღონისძიების ნაწილი ვიყავი. როგორც კი უცხოეთში გადიხარ და შენს ქვეყანას წარმოადგენ, ერთადერთი რაც ენაზე გადგება, შენი ქვეყნის წარმოჩენის და შენს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვის სურვილია. ყველა ადამიანი, მით უფრო ისეთი პატარა ქვეყნისა, როგორიც ჩვენ ვართ, პირველ რიგში, თავისი ქვეყნის ელჩი უნდა იყოს.
ემა ტუხიაშვილი