„გარკვეული კორუფციული გარიგებები იკვეთება“ - რატომ აშენებენ გზების უდიდეს ნაწილს ჩინური კომპანიები

„ეს პრობლემა დიდი ხანია დომინირებს“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ძირითადად ჩინური კომპანიების სიმრავლეს.

საქართველოში გზების მშენებლობის მსხვილ ტენდერებში ჩინური კომპანიების გამარჯვების შემთხვევები მზარდია. მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილი სწორედ ჩინური კომპანიების მიერ არის აშენებული. გარდა ამისა, ახლახან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის სახელმწიფო საზღვართან გზას ჩინური კომპანია ააშენებს. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ China Railway Tunnel Group Co., LTD-მა მიიღო, თუმცა გაუფორმდება თუ არა ხელშეკრულება მას, მოგვიანებით გაირკვევა. აღნიშნული კომპანია სამუშაოებს 224 919 508 ლარად შეასრულებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რატომ არის რომ საგზაო მიმართულებით მსხვილ პროექტებში ძირითადად ჩინური კომპანიები მონაწილეობენ და იმარჯვებენ კიდეც.

პაატა ცაგარეიშვილის თქმით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩინურ კომპანიებს სამუშაო შესრულებისთვის ფასი დაბალი აქვს, შესაბამისად, ტენდერებში გამარჯვება უმარტივდებათ. თუმცა ფასთან ერთად, ევროპულ კომპანიებთან შედარებით, შესრულებული სამუშაოს ხარისხიც ნაკლებია. მანვე დასძინა, რომ ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ევროპულ კომპანიებს პროექტების შესრულებისთვის უარს ეუბნებიან.

„ეს პრობლემა დიდი ხანია დომინირებს, დონორების მიერ მიღებულ თანხას განკარგავენ ჩინური სამშენებლო კომპანიები. მათი ფასი და შესრულების ხარისხი ბევრად ნაკლებია ევროპის სამშენებლო კომპანიების მიერ განხორციელებულ პროექტებთან შედარებით. უპრიანია ასეთი მაგალითი: პოლონეთის ელჩი ხშირად ამბობდა, რომ ჩვენ გვყავს საიმედო, ევროპული გამოცდილების მქონე კომპანიები და გთხოვთ ჩართოთო. მაგრამ აქ გარკვეული კორუფციული გარიგებებიც იკვეთება, ხშირ შემთხვევაში უარია ნათქვამი ამ (ევროპული) კომპანიებისთვის“, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, საქმე ეხებოდეს კორუფციულ გარიგებებს. მისი თქმით, ჩინური სამშენებლო კომპანიების უკან არიან ქართული კომპანიები, რომლებიც აფილირებულები არიან ხელისუფლებასთან. ცაგარეიშვილის თქმით, აღნიშნული ქართული კომპანიები ჩინურ კომპანიებთან დებენ ხელშეკრულებას, რათა მათ სამშენებლო მასალები მუდმივად მიაწოდონ. რესპონდენტის თქმით, მსგავსი ტიპის შეთანხმებების დადება ევროპულ კომპანიებთან ნაკლებად შესაძლებელია.

„მე არ გამოვრიცხავ კორუფციულ გარიგებაში იყოს ის ფაქტორი, რომ ჩინური კომპანიების უკან არიან შვილობილი ქართული კომპანიები. შესაძლოა, გზას ვაშენებდეთ, მაგრამ ხრეში დაგვჭირდეს და ის აქ უნდა შეისყიდოს ჩინურმა კომპანიამ. ეს კომპანიები ხშირად სახელმწიფოსთან აფილირებულები არიან და ადვილად შედიან ჩინურ კომპანიებთან გარიგებაში, რათა მათი მომმარაგებლები იყვნენ. ასეთი შემთხვევა, რომ შვილობილი კომპანიები იყოს არაგამჭვირვალე და პარტიასთან აფილირებულ პირებს მიეცეთ მუშაობის უფლება, ევროპულ კომპანიებთან ნაკლებად შესაძლებელია, აქედან გამომდინარე, ჩინური კომპანიები მარტივად იგებენ ამ ტენდერებს“, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

იხილეთ ასევე: რას წარმოადგენს ჩინური კომპანია, რომელსაც საქართველო-რუსეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება სურს

მერი ტაბატაძე