ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბაზრების დივერსიფიცირებისა და გაყიდვების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით წარდგა.

„ფესტივალზე - Les Festives Gourmande, რომელიც ქალაქ შალონ-სიურ-სონში გაიმართა, კომპანიის - Le Pont Caucasien ხელმძღვანელმა, საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა ილია კახოიძემ სტუმრებს 10 ქართველი მწარმოებლის ღვინოები გააცნო.

ფესტივალი -Les Festives Gourmandes უკვე 19-ედ გაიმართა და მასში 100-მდე მონაწილემ, როგორც მწარმოებელმა ისე იმპორტიორმა, სხვადასხვა დასახელების ღვინო წარმოადგინა.

ფესტივალს ყოველწლიურად 10 000-მდე სტუმარი, სომელიეები, ღვინის კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მზარდია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.