როგორია რეფერენდუმის დანიშვნის პროცედურები - რა წერია კანონში?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა კანონის მოწინააღმდეგეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას - ევროპული მომავალი თუ რუსული მონობა.

თუ როგორია კანონით განსაზღვრული პროცედურები რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს:

„რეფერენდუმის დანიშვნის პროცედურები:

1. რეფერენდუმი მოთხოვნის უფლება აქვს 200 000 ამომრჩეველს;

2. ამ მოთხოვნის საფუძველზე რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი ბრძანებულებით;

3. ბრძანებულებას ძალაში შესასვლელად სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა (კონტრასიგნაცია). თუ პრემიერმა უარი განაცხადა, რეფერენდუმი არ გაიმართება;

4. რეფერენდუმზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში (მაგრამ მე აქ წარმატების იმედი არ მექნებოდა);

5. თუ პრემიერი დათანხმდა, მერე უკვე მთავრობა იღებს დადგენილებას რეფერენდუმის მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ (ბიუჯეტი და სხვა საორგანიზაციო საკითხები);

6. რეფერენდუმს ატარებს საარჩევნო ადმინისტრაცია (ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები).

ეს პოსტი ეხება რეფერენდუმის პროცედურებს. აქ არ განვიხილავ რამდენად შეიძლება ამ საკითზე რეფერენდუმის გამართვა. როცა მეტი გვეცოდინება პრეზიდენტის იდეაზე, როცა მეტი კონკრეტიკა იქნება, მერე ვიმსჯელოთ,“- წერს მენაბდე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

რაც შეეხება კითხვას, უშლის თუ არა ხელს ოკუპაცია რეფერენდუმს? ვახუშტი მენაბდის განმარტებით, არ უშლის, რადგან პრობლემის სათავე რეფერენდუმის კანონის არასწორი ინტერპრეტაციაა.

„იქ წერია: „რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“ ამ ფრაზის სწორხაზოვან გაგებას ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნა მე-4 პრეზიდენტმა, რომელმაც 2016 წელს ეს მოიყვანა საინიციატივო ჯგუფისთვის რეფერენდუმის დანიშვნაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად.

საქმე გვაქვს კანონის ჩანაწერის არასწორ გაგებასთან. ის მხოლოდ რეგიონალურ რეფერენდუმებს კრძალავს და ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობა (ანუ იურისდიქცია სადამდეც ვრცელდება) უნდა გამოიკითხოს. ამით ცდილობს სეცესია ან დეზინტეგრაციული პროცესები დააზღვიოს. გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ უნდა დაედოს საფუძველად ოკუპანტი ქვეყნის ნება (ოკუპაცია) სახალხო სივერენიტეტზე უარის თქმას,“- აცხადებს მენაბდე.