ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება გაიზარდა

2024 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ კვლევაშია საუბარი.

მათივე მონაცემებით, ზრდა ძირითადად საცალო მომხმარებლებმა განაპირობა, რომელთა მოთხოვნაც წლიურად 4.7%-ით გაიზარდა და ჯამური მოხმარების 57.3% შეადგინა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად, წლიურად 10.0%-ით გაიზარდა "თელმიკოს" მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა, ხოლო "ეპ ჯორჯიას" მიწოდება მცირედით წლიურად 1.0%-ით გაიზარდა.

მონაცემების მიხედვით, პირდაპირი მომხმარებლების მოხმარების კლების ტენდენცია ისევ ნარჩუნდება და 2024 წლის პირველ კვარტალში, წლიურად 3.3%-ით შემცირდა. ადგილობრივი გენერაცია კი წლიურად 6.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 27.0%-ით შემცირდა.

„გალტ&თაგარტის“ განმარტებით, ეს დინამიკა ჰიდროსადგურების მზარდი გენერაციის შედეგია (+41.2% წლიურად), რაც, თავის მხრივ, უხვი ნალექის დამსახურებაა. ვინაიდან მზარდი იყო ჰიდროგენერაცია, დაიკლო თბოსადგურების საჭიროებამ. შედეგად, თბოგენერაცია 2024 წლის პირველ კვარტალში წლიურად 26.2%-ით შემცირდა და ჯამური გენერაციის 30.9% შეადგინა.

ნინი ქეთელაური