რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროპაში ჩინური ტვირთების ტრანსპორტირებით

„მხოლოდ შერეულ გადაზიდვას შესაძლოა, ჰქონდეს მომგებიანობა და მხოლოდ სახელმწიფოს ჩართულობით“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი ჩინური სატვირთო ავტომობილების მიერ საქართველოს გავლით ევროპაში სატრანზიტო გადაზიდვების დაწყებას.

შეგახსენებთ, აქტაუში ყაზახეთ-ჩინეთის საგზაო ტრანსპორტის ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ისტორიაში პირველად კურიკისა და ბაქოს საზღვაო პორტების გავლით ტვირთის საცდელი სატრანზიტო ავტოტრანსპორტირება ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით სატესტო რეჟიმში დაიწყო.

კერძოდ, პირველი სამი ჩინური სატვირთო ავტომობილი, რომლის წონაც 80 ტონას შეადგენდა, ჩინეთის სინცზიან-უიღურის ავტონომიური რაიონის ქალაქ ურუმჩიდან გავიდა და 23 მაისს კურიკის პორტში ბორანზე შევიდა, რომ ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე მგზავრობისთვის ბაქოში გადავიდეს.

ცაგარეიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული გადაზიდვები მომგებიანი ვერ იქნება რამდენიმე მიზეზის გამო. როგორც რესპონდენტი განმარტავს, საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები მაშინ არის მომგებიანი, როდესაც გადაზიდვის მანძილი ათას კილომეტრამდეა მაშინ, როცა ჩინეთ-საქართველოს შორის მანძილი დაახლოებით 7 ათას კილომეტრს შეადგენს.

„საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვა მაშინ არის ეფექტიანი და მომგებიანი, როდესაც ზიდვის მანძილი მაქსიმუმ 1000-კილომეტრს შეადგენს. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, თუ ეს მანქანა ბაქოდან წამოვიდოდა, სადაც 800 კმ-ია მანძილი, აქ შესაძლოა, ეფექტიანი ყოფილიყო. მაგრამ, როდესაც მანძილი ჩინეთიდან საქართველომდე დაახლოებით 7000 კმ-ია, მისი მომგებიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის“, - ამბობს ცაგარეიშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარშრუტი მოიცავს ყაზახეთსაც. ამ გზაზე ჩინეთიდან წამოსულ სატვირთოს დაახლოებით 2 500 კმ-ის გავლა უწევს. ცაგარეიშვილის თქმით, ყაზახეთის გზების უდიდესი ნაწილი ამორტიზებული და დაზიანებულია.

„ამასთანავე, ყაზახეთის ტერიტორიაზე, რომელიც სტეპებშია განლაგებული, დაახლოებით 5-6 თვე არის ყინვა და არამდგრადი ტემპერატურა, რაც ხელს უშლის ავტომობილის ძრავს და სირთულეების ქვეშ აყენებს ასეთ გადაზიდვას“, - დასძინა მან.

ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის გადაზიდვებისას მნიშვნელოვანია, რომ გადაზიდვა განახორციელონ ქართველმა გადამზიდველებმა, რათა მომგებიანობა ქვეყნისთვის დიდი იყოს.

„მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ქართველი გადამზიდავმა განახორციელოს გადაზიდვა. ჩვენ ხომ ის გვაინტერესებს, რომ ჩვენი მეწარმე დასაქმდეს და ჩვენს ბიუჯეტში შევიდეს თანხა. ჩინელი თუ გადაზიდავს, ჩინური მანქანით და ჩინურ ტვირთს, ჩვენ რა ხეირი? უბრალოდ გაიარა, გადაიხადა სატრანზიტო გადასახადი და მორჩა? ჩამოთვლილი უარყოფითი ფაქტორების მიხედვით, ვვარაუდობ, რომ ეს გადაზიდვა არ იქნება სიცოცხლისუნარიანი. ამას მაძლევს ის გამოცდილება, რომ ხშირად და ბევრჯერ ყოფილა ანალოგიური სახის გადაზიდვები დაწყებული საპილოტო რეჟიმში და გარკვეული დროის შემდეგ შეჩერებულა და პერსპექტივა არ ჰქონია“, - ამბობს ცაგარეიშვილი.

მანვე ისაუბრა ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების კუთხით მოგება ნახოს და ამავდროულად, გაზარდოს ქვეყნის მიმზიდველობა. ცაგარეიშვილი ამ მხრივ ეფექტურად მიიჩნევს ე.წ. შერეულ გადაზიდვებს. მანვე აღნიშნა, რომ შერეული ტიპის გადაზიდვების განხორციელებისთვის საჭიროა სახელმწიფო დონეზე ჩართულობა, ქვეყნებს შორის შეთანხმების გაფორმება, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ოპერატორი კომპანიის შერჩევა და გადაზიდვების დაწყება.

„შერეული გადაზიდვები მიმაჩნია, რომ ეფექტური იქნება. ეს ნიშნავს რას - რომ ავტომობილი რკინიგზით გადაიზიდება ყაზახეთამდე. შემდეგ საავტომობილო გზას განაგრძობს საქართველოს პორტებამდე. მხოლოდ შერეულ გადაზიდვას შესაძლოა, ჰქონდეს მომგებიანობა და მხოლოდ სახელმწიფოს ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მხოლოდ საცდელი საპილოტე გადაზიდვა“, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

იხილეთ ასევე: ისტორიაში პირველად - ჩინურმა სატვირთო ავტომობილებმა ევროპაში ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვა საქართველოს გავლით დაიწყეს

მერი ტაბატაძე