AliExpress-მა რუსულ ბიზნესს მომსახურება შეუწყვიტა

AliExpress-ის მშობელმა ჩინურმა კომპანია Alibaba-მ რუსული ბიზნესისთვის პირობები გაამკაცრა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

კერძოდ, კომპანიამ რუბლების მიღება შეწყვიტა და რუსეთში მიწოდებას აღარ აფორმებს, ხოლო თანხა, რომელიც კომპანიებმა ჩინეთში უკვე გადარიცხეს, მათ უკან დაუბრუნდებათ. რუსული ბარათებიდან გადახდები შეწყვეტილია, საიდანაც უკვე გადარიცხულ თანხას Alibaba რამდენიმე დღეში უკან დააბრუნებს.

შეზღუდვები შესაძლოა, რუსი მიმწოდებლების დიდ რაოდენობას, კერძოდ, საბითუმო ბაზრებს, მაღაზიებს, მარკეტპრლეისის გამყიდველებს შეეხოს, რადგან Alibaba მრავალი ე.წ. გადამყიდველისთვის საქონლის მიღების პრიორიტეტული წყაროა. გამოცემის შეფასებით, “ამ მოთამაშეებისთვის იგივე დრო დადგა, რა მდგომარეობაშიც უფრო მსხვილი ეკონომიკური კონტრაგენტები არიან, რომლებიც უკვე ორ წელზე მეტია, სანქციების ქვეშ ცხოვრობენ და მათ გვერდის ავლას ყველანაირად ცდილობენ.”

“ამჯერად მცირე და საშუალო ბიზნესსაც მოუწევს შემოვლითი გზების ძიება,” - წერს “კომერსანტი.”

რუსებს ამ შემოვლით სქემაში ყაზახური, ყირგიზული და სომხური ბარათების გამოყენება მოუწევთ, თუმცა ჯერ გაურკვეველია, თუ როგორ გაიგზავნება ფიზიკურად საქონელი რუსეთში. მეტიც, ჩინური კომპანიის ცნობით, ცვლილებები არა მხოლოდ გადახდის, არამედ საქონლის გაგზავნის პოლიტიკაშიც შედის. რუს გადამყიდველებს ტრანზიტის ახალი სქემების შემუშავება მოუწევთ, რაც ფასების ზრდას გამოიწვევს.

რუსული ბიზნესის მიმართ Alibaba-ს პოლიტიკის გამკაცრება და ჩინურ ბანკებში გადარიცხვის პრობლემები მეორადი სანქციების შიშით არის გამოწვეული, რაზეც ჩინეთის ხელისფლება ღიად საუბრობს.

2023 წელს Alibaba-ს შვილობილი კომპანია AliExpress-ის შემოსავალი რუსეთში 36%-ით შემცირდა და, თითქმის, 10 მლრდ რუბლი (112 მლნ დოლარი) შეადგინა. 2022 წელს Alibaba-მ ამ პროექტში ინვესტიციები შეწყვიტა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ