მაისის ყინვებმა რუსეთში კენკრის 90% გაანადგურა - მარწყვი 10-ჯერ, ბალი კი 5-ჯერ ძვირდება

რუსეთში მაისის ყინვების შედეგად მოსავლის მასიური ზარალის გამო კენკრა მკვეთრად ძვირდება. ინფორმაციას Mash ავრცელებს.

ყინვა რუსეთის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებს დაატყდა თავს, მაშინ, როცა ცენტრალურ, კერძოდ, კურსკის, ლიპეცკის, ბრაიანსკის და როსტოვის ოლქებზე კენკრის სამრეწველო წარმოება არის დამყარებული. ამდენად, მოსავლის 90% დაიკარგა, რის შედეგადაც, მიმწოდებლების პროგნოზით, ფასები, მაგალითად, 1 კგ. მარწყვზე შესაძლოა, 6,000 რუბლამდე (67 დოლარამდე) გაიზარდოს.

ამჟამდ რუსეთში მარწყვის საშუალო საცალო ფასი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის, 20%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 1 მაისიდან 22 მაისამდე 1 კგ. მარწყვი 588 რუბლი (6,5 დოლარამდე) ღირდა. თუმცა აპრილთან შედარებით ის იაფია, როცა კილოგრამზე საშუალო ფასი 646 რუბლს (7,25 დოლარს) შეადგენდა, რადგან იმპორტირებული პროდუქტების გარდა, დახლებზე რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდან ჩასული პირველი მოსავალი გაჩნდა. მარწყვი ყველაზე ძვირი მოსკოვშია და 1 კგ-ის ფასი 651 რუბლს (7,30 დოლარს) შეადგენს. თუმცა რუსეთის დედაქალაქში ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, მხოლოდ 12%-ით გაიზარდა.

ამასთან, კიდევ ერთი გამოცემა, Baza წერს, რომ ქვეყნის სამხრეთში ყინვებისა და შემდგომი გვალვის გამო ბალი, გასულ წელთან შედარებით, სამჯერ გაძვირდა. მწარმოებლისგან ბალის ფასი კილოგრამზე 400-დან 800 რუბლამდე (4,5-დან 9 დოლარამდე) მერყეობს, მაშინ, როცა 2023 წელს 150-დან 500 რუბლამდე (1,7-დან 5,6 დოლარამდე) ღირდა.

ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან იმპორტირებული ბალის ფასი კილოგრამზე, ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების გამოკლებით, 1,500 რუბლამდე (17 დოლარამდე) გაიზარდა. რუსეთის მაღაზიებში 1 კგ. ადგილობრივ ბალს 800-დან 1,500 რუბლამდე (9-დან 17 დოლარამდე), ხოლო უცხოურს - 3,500 რუბლამდე (39 დოლარამდე) ითხოვენ, რაც, წინა წელთან შედარებით, 3-5-ჯერ გაზრდილი ფასებია.

ცნობისთვის: მაისის პირველი დეკადა რუსეთის ევროპულ ნაწილში სინოპტიკოსების დაკვირვების მთელ ისტორიაში ყველაზე ცივი იყო. ტემპერატურა რეგიონში კლიმატის ნორმას თვეზე მეტად ჩამორჩა. ყინვებმა სასოფლო-სამეურნეო კულტურები სერიოზულად დააზარალა. ფედეაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყაროს მონაცემებით, მაისის ყინვებით მიყენებულმა ზარალმა 10 მლრდ რუბლს მიაღწია. ყველაზე მეტად ვორონეჟის, ბელგოროდის, ლიპეცკის, ტამბოვის, კურსკის, სარატოვის, პენზას, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქები დაზარალდნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ