ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 1.4 მლრდ სტერლინგით შემცირდა - გოცირიძე გამჭვირვალობის კანონის ფინანსურ შედეგებზე

ამ ხელისუფლების შენარჩუნების პირობებში ქვეყანას ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია და ბიზნესგარემოს მკვეთრი გაუარესება - ამის შესახებ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„აგენტების კანონის მიღების ფინანსური შედეგები:

ლონდონის ბირჟაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში “საქართველოს ბანკმა” დაკარგა ლირებულების 29 პროცენტი, “ჯორჯია კაპიტალმა” 26 პროცენტი, “თი-ბი-სი” ბანკმა 25 პროცენტი. კაპიტალიზაციის კლებამ შეადგინა 1,4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, რაც 4,9 მილიარდი ლარის ტოლია.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად თავისი რეზერვებიდან დახარჯა 108 მილიონი ლარი. რეზერვების ზომა ჩამოსცდა ადეკვატურობის ზღვარს.

ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია. ამ ხელისუფლების შენარჩუნების პირობებში ქვეყანას ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია და ბიზნესგარემოს მკვეთრი გაუარესება. იმედია, ხუთ თვეს გავუძლებთ და მერე გავაკეთებთ იმას, რაც დააბრუნებს ქვეყანას განვითარების გზაზე და დაგვიბრუნებს მეგობრებს“, - წერს გოცირიძე.