მოსალოდნელია თუ არა დედაქალაქში სავალი გზების ჩანგრევა?

„მიწისქვეშა გაყვანილობები მწყობრიდან გამოსულია, გამორიცხული არ არის, მსგავსი კიდევ განმეორდეს“

გეოლოგები მელიქიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირზე სავალი გზების ნაწილის ჩანგრევას საკანალიზაციო-სანიაღვრე მილების მწყობრიდან გამოსვლას უკავშირებენ. ამიტომ, მსგავსი შემთხვევების განმეორებას არ გამორიცხავენ. „ეს გამოწვეულია მიწისქვეშა წყლებისა და გრუნტის სუფოზიით, რომელმაც გამორეცხვა გამოიწვია. ძირითადად მიწისქვეშა წყალი ბუნებრივი არ არის. ეს ჩვენი ქალაქის წყალსადენი სისტემისა თუ კანალიზაციის დანაკარგია. სისტემა მოძველდა, კოროზირებულია და ასეთ დიდ დატვირთვას ვეღარ უძლებს. მიწისქვეშა წყლის მილები საცერივითაა და წყალს ატარებს. ეს წყალი გრუნტს რეცხავს, გრუნტში თაბაშირია, მის ადგილას სიცარიელე წარმოიქმნება, ზემოდან ასფალტს დინამიური დატვირთვა აქვს - მანქანები მიდი-მოდიან და ასფალტიც ჩავარდა. ამაში არაფერია განსაკუთრებული, ეს არის მიწისქვეშა წყლის კონუმიკაციების დაზიანების შედეგები,“- განუცხადა bpn.ge-ს გეოლოგმა, პროფესორმა უჩა ზვიადაძემ.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირი, კერძოდ, მეცხრე საავადმყოფოდან უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ჩათვლით, მეწყერსაშიშ ზონას განეკუთვნება. ამიტომ, ამ მონაკვეთში მშენებლობები დაუშვებელია.  „ეს ადგილი მეწყრული ფერდობია. ყოფილი მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიასთან 22 სართულიან კორპუსი უნდა ააშენონ, ეს დაუშვებელია! როგორ შეიძლება ამხელა შენობა მეწყერზე ააშენო? მაგრამ ვინ გისმენს? ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდისო - ასეა ჩვენი საქმე. თბილისში ახალი მშენებლობები უნდა დასრულდეს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამხელა დატვირთვას ქალაქი ვეღარ გაუძლებს და ქალაქის ინფრასტრუქტურა მოიშლება. ამაზე სავალალო შედეგი რაღა გინდათ?“ - ამბობს უჩა ზვიადაძე.

პროფესორის თქმით, აუცილებელია დედაქალაქში მიწისქვეშა წყლის კომუნიკაციების შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი ნალექის მოსვლაზე მსგავსი შედეგების განმეორება გამორიცხული არ არის.

სალომე გოგოხია