ლარში გაცემული სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში - გაძვირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი გაძვირდა.

უფრო კონკრეტულად, აპრილში მარტთან შედარებით ლარში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 14.98% შეადგინა, მარტში ეს მაჩვენებელი 15.13% იყო.

ეროვნულ ვალუტაში სესხები უფრო მეტად ფიზიკურ პირებს შეუმცირდათ - 17.47%-დან 17.13%-მდე, იურიდიული პირების შემთხვევაში კი კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთმა 11.91%-დან 11.85%-მდე დაიკლო.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს, აქ აპრილში ზრდა ფიქსირდება. საშუალო განაკვეთმა მარტის 8.65%-დან 8.79%-მდე მოიმატა. ფიზიკური პირებისთვის გაცემული კრედიტები 7.61%-დან 7.65%-მდე გაძვირდა, იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა კი 9.04%-დან 9.19%-მდე მოიმატა.