ფორთოხლის წვენი შესაძლოა, მანდარინის წვენმა შეცვალოს

ციტრუსის მწარმოებლები ფორთოხლის წვენის ალტერნატივად მანდარინის გამოყენებას განიხილავენ. მიზეზად სახელდება ფორთოხლის მოსავლის კრიზისი ბრაზილიაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი მიმწოდებელია. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

უამინდობამ და ხეების დაავადებებმა სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში ფორთოხლის მოსავალი შეამცირა, რამაც ფორთოხლის წვენის ფიუჩერსების რეკორდული ზრდა გამოიწვია. კერძოდ, აშშ-ის კონტინენტთაშორის ბირჟაზე ვაჭრობისას ფორთოხლის კონცენტრირებული წვენის კონტრაქტები 28 მაისს ფუნტზე 4,92 დოლარამდე გაიზარდა, რაც ერთი წლის წინანდელ ფასზე, თითქმის, ორჯერ მეტია.

ხილისა და ბოსტნეულის წვენების საერთაშორისო ასოციაციის (IFU) ხელმძღვანელ კის ქულსის თქმით, “ამჟამად ნამდვილი კრიზისია, რაც ძლიერი ყინვებისა და ქარიშხლების დროსაც კი არასდროს დაფიქსირებულა.”

IFU-ს ცნობით, მწვავე დეფიციტმა ფასების ზრდის საფრთხე გააჩინა, რაც მომხმარებლებს დააზარალებს და ფორთოხლის წვენის გლობალურ ინდუსტრიას ფუნდამენტურად შეცვლის. ქულსი ამბობს, რომ ფორთოხლის დეფიციტის გრძელვადიანი გამოსავალი შესაძლოა, იყოს ამ წვენის მანდარინისგან დამზადება, რომლის ხეებიც კლიმატის ცვლილების მიმართ უფრო გამძლეა.

ასევე, ქულსის თქმით, ციტრუსის წვენის წარმოების კიდევ ერთი ვარიანტი, რომელმაც “მის ხარისხსა და ბრენდზე არ უნდა იმოქმედოს, სხვადასხვა სახის ხილის გამოყენებაა.“ IFU უკვე განიხილავს ნორმატიული პროცესის დაწყებას, რომ ეს სასმელი სხვადასხვა ციტრუსს შეიცავდეს. ამისთვის, პირველ რიგში, FAO/WHO-ის საერთაშორისო კომისიის მიერ მიღებულ სურსათის საერთაშორისო სტანდარტების კოდექსში (Codex Alimentarius) საკანონმდებლო ცვლილებები უნდა შევიდეს, შემდეგ კი კორექტივები ეროვნულ დონეზეც, მაგალითად, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ უნდა გატარდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ