მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ! - ხაზარაძე ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიის მიერ აშენებაზე

როგორც დღეს განხდა ცნობილი, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე წინადადებები მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა, კერძოდ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურმა კომპანიებმა, თუმცა მათ ტექნიკური კომერციული ფინანსური წინადადებების წარდგენის ვადა 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ, ამ ეტაპისთვის კი, ინტერესი მხოლოდ ჩინურ კომპანიებს აქვს გამოხატული.

აღნიშნულს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება. როგორც ის, სოციალურ ქსელში წერს, „რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა“.

"რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!"

რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა.

დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია - რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, ჰესბოლას გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა!

მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!

არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ!,- წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტზე წინადადებები CCCC-მა და China Harbour Investment Pte. Ltd -მა წარადგინეს, რომელთაც 2 ქვეკონტრაქტორი ჰყავთ. წინადადების შეფასება და კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა კი რამდენიმე დღეში მოხდება.

ამასთან შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და შესაბამისად, საკონტროლო პაკეტი - 51% მის მფლობელობაში იქნება. გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით კი სახელმწიფო ეძებდა ინვესტორს, რომელიც პორტში 49%-იანი წილის მფლობელი გახდება.

ნინი ქეთელაური