ოთარ შამუგია - აგრო სასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 2023 წელს 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიამ განცხადებით, აგრო სასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 2023 წელს 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტაბილურად მზარდია ექსპორტის მაჩვენებლები.

„უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ქართული აგრო სასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 13 პროცენტით იზრდება და 2023 წელს რეკორდული 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. მზარდია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, ექსპორტის დადებითი ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნებულია 2024 წელსაც, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან განხორციელებული აგრო სასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 365 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.

ამასთან, შამუგიას განცხადებით, დაფინანსებულია 400-მდე ახალი გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. ამ ახალი საწარმოების მიერ რეალიზებული პროდუქციის და გაწეული მომსახურების ღირებულება 1.7 მლრდ ლარს აჭარბებს, ბიუჯეტში განხორციელებული გადახდები კი, 115 მლნ ლარს აღემატება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავლის“ შედეგია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულია 22 ათას ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი.

„ჩვენი გათვლებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის ღირებულება, 2023 წელს, 150 მლნ ლარს აღემატება. მომდევნო წლებში ბაღებიდან მიღებული მოსავალი მნიშვნელოვნად მზარდი იქნება, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით და საპროგნოზო მაჩვენებლით. 2030 წლისათვის მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში წარმოებული პროდუქციის ღირებულება 500 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ცალკეული კულტურების საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლები აისახა ექსპორტზეც, რომელმაც გასულ წელს 204 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გამოსაყოფია არა მხოლოდ ქვეყნისთვის ტრადიციული ხილის ექსპორტი, არამედ ისეთი მრავალწლოვანი კულტურების ექსპორტიც, რომელიც გასულ წლებში მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ ხორციელდებოდა. ასეთია მაგალითად მოცვი, დაფნის ფოთოლი და სხვა. მოცვის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 20 მლნ დოლარს გადააჭარბა. ყოველწლიურად ველოდებით ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას, მაშინ როცა, რამდენიმე წლის წინ მოცვის ექსპორტი საერთოდ არ ხორციელდებოდა, ვინაიდან ფაქტობრივად წარმოება არ გვქონდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობის საკითხს და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენიმე წელია მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამა პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის. მხოლოდ საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დღემდე დაფინანსებულია 400-მდე ახალი გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა.

„ამ ახალი საწარმოების მიერ რეალიზებული პროდუქციის და გაწეული მომსახურების ღირებულება 1.7 მლრდ ლარს აჭარბებს და მათ მიერ ბიუჯეტში განხორციელებული გადახდები 115 მლნ ლარს აღემატება. ასევე აღსანიშნავია, რომ შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 146 ათას ტონამდე პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას“, - განაცხადა მინისტრმა.